- Advertisement -

პრემიერი: ეს არჩევნები ქართული დემოკრატიის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა

329

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები ქართული დემოკრატიის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. როგორც მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში დიდი უპირატესობით კახა კალაძე ლიდერობს.

"პირველ რიგში, მინდა მთელ საქართველოს მივულოცო არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება. პირველ რიგში, ეს არის დემოკრატიისკენ გადადგმული კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს აქტივობისთვის და მაღალი სამოქალაქო კულტურისთვის.

ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ, ქართულმა ოცნებამ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით 2012 წლიდან საბოლოოდ შეცვალა ჩვენს ქვეყანაში არჩევნების არსი და არჩევანის უფლება დაუბრუნა ხალხს. სწორედ, ქართული ოცნების პოლიტიკური ნებაა არჩევნების სამართლიან, მშვიდობიან და კონკურენტუნარიან, დემოკრატიულ გარემოში ჩატარება.

პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქრთველო ამ დროისთვის არსებული წინასწარი მონაცემებით, დიდი უპიტრატესობით ლიდერობს. დიდი უპირატესობით ლიდერობს კახა კალაძე და მინდა ყველას მოგილოცოთ. ეს არის თბილისისა და თბილისელების, ქართველი ხალხისა და სახელწმიფოს გამარჯვება. ველოდებით საბოლოო შედეგებს ცესკო-ს დათვლებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ დაადასტურებს ქართული ოცნების გამარჯვებას.

დღეს ამომრჩევლების უმრავლესობამ ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის და წინ კიდევ უფრო მასშტაბური გეგმები აქვს. მინდა ყველას მადლობა ვუთხრა მხარდაჭერისთვის, ნდობის ასეთი მაღალი ხარისხისთვის.

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და მინდა იცოდეთ, რომ თითოეული ჩვენგანი მთელს ძალისხმევას სწორედ ამ ნდობის განსამტკიცებლად მიმართავს. მადლობას ვუხდით საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს და ადგილობრივ დამკვირვებლებს გაწეული სამუშაოსთვის. ეს არჩევნები გახლავთ ქართული დემოკრატიის მნიშვნელოვანი გამარჯვება. კიდევ ერთხელ გილოცავთ ველ ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ამ ძალიან დიდ გამარჯვებას",-განაცხადა პრემიერმა. 

Comments
Loading...