- Advertisement -

პრემიერი: ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებები წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა

507

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები და მისი ძირითადი პრინციპები საქართველოსდემოკრატიული განვითარებისთვის წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა", – აქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესზე სიტყვით გამოსვლილსას განაცხადა.

"აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ საქართველო გადადის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე სწორედ ჩვენი გუნდის პოლიტიკური ნებით და ეს არის დიდი მიღწევა, რადგან ჩვენ გვახსოვს არაერთი სხვა ხელისუფლება, რომელთა პირობებშიც ეს საკითხი მსჯელობის საგნად იქცა, მაგრამ არც ერთი მათგანის პირობებში არ არსებობდა რეალური პოლიტიკური ნება, რომ ეს ცვლილება რეალურად განხორციელებულიყო.

ხოლო, რაც შეეხება პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღს, აღნიშნულ საკითხზე კონსენსუსის მიღწევა ხალხის მიერ არჩეულ უმრავლესობასთან შესაძლებელი გახდა 2024 წელთან დაკავშირებით და ეს კონსტიტუციაში იქნება ასახული.

ამ პროცესის საბოლოო წარმატებისთვის ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობას და რა თქმა უნდა პოლიტიკურ დიალოგს ადგილზე. ამისთვის მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო კომისიას და პირადად ბატონ ჯანი ბუკიკიოს, ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებისთვის ამ პროცესში. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა, სადაც განვიხილეთ განვლილი პროცესი და მე გამოვთქვი მზადყოფნა, გავაგრძელოთ როგორც კომისიასთან თანამშრომლობა, ასევე – პოლიტიკური დიალოგი.

ყველას მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო ეფუძნება კანონის უზენაესობის პრინციპს. კანონის უზენაესობის რეალიზება კი, შეუძლებელია დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების გარეშე. მიუკერძოებელი სასამართლო გადამწყვეტია დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოსთვის, რაც, თავისთავად, განაპირობებს საზოგადოების ნდობას სასამართლო ხელისუფლების მიმართ.

ჩვენმა ქვეყანამ საკუთარ თავზე გამოსცადა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სასამართლოს როლი სამოქალაქო ღირებულებებისა და სამართლებრივი ინსტიტუციებისადმი რწმენის ჩამოყალიბებაში. საქართველომ ამ მიმართულებით ურთულესი გზა გაიარა, თუმცა დღეს, დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი წარმატებით გაგრძელდება – საკონსტიტუციო სასამართლო იქნება საქართველოს კონსტიტუციის გარანტი და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების მაღალი სამართლებრივი კულტურის განვითარებაში.

აქვე მინდა ხაზი გავუსვა კონსტიტუციური კონტროლის განმახორციელებელ ორგანოებს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და უწყვეტი დიალოგის მნიშვნელობას.

ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ კონგრესი საინტერესოდ წარიმართება, კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში არსებული პრაქტიკისა და გამოწვევების კუთხით გამოცდილების გაზიარება ძალიან წაადგება ყველა მონაწილე ქვეყანას და მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას – საქართველოს", – განაცხადა პრემიერმა. 

Comments
Loading...