- Advertisement -

პრემიერი: ვიწყებთ სერიოზულ მომზადებას 2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის

587

პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით საქართველო სერიოზულად იწყებს მომზადებას 2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის.
მან მთავრობის სხდომაზე ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახთან გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა.

„ამ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ, როგორ უნდა მოვემზადოთ მთელი ეს პერიოდი. ძალიან დიდი შედეგია ის, რომ უკვე მარტის დასაწყისში ჩამოდის სპეციალური დელეგაცია, რომელიც შეისწავლის არსებულ მდგომარეობას, მოახდენს იდენტიფიცირებას იმ მიმართულებების, ან თუნდაც ჩავარდნების, რომელთა განვითარება აუცილებელია, რათა საქართველოს ჰქონდეს ყველა შემადგენელი კომპონენტი, რომ კვალიფიცირდებოდეს ასეთი ტიპის უმაღლესი რანგის კონკურსებისთვის. თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩვენ ვაცხადებთ პრეტენზიას, რომ დღეიდან 12 წლის შემდეგ საქართველოში შეიძლება ჩატარდეს ზამთრის ოლიმპიური თამაშები, ძალიან დიდ ყურადღებას მიიპყრობს საქართველოს მიმართ.

ჩვენ გვექნება გაწერილი გეგმა, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის, არამედ ზამთრის სპორტის სახეობების განვითარების, ადგილობრივი ახალგაზრდების, ბავშვების ზამთრის სპორტის სახეობებში ჩართვის მიმართულებით.

ეს იქნება მთელი მთავრობის სამოქმედო გეგმა, სადაც ჩართული იქნება აბსოლუტურად ყველა უწყება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ განაცხადს და დადებით ამბიციას ძალიან პოზიტიურად შეხვდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი და აბსოლუტურად ყველანაირი დახმარება აღგვითქვა. ჩვენ მოვემზადებით იმ ვიზიტისთვის, რომელიც მარტში შედგება და დავიწყებთ კონკრეტული გეგმის განხორციელებას“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
 

Comments
Loading...