საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შსს-ს თანამშრომლებს მიმართა. მისი განცხადებით, პოლიციელების უდიდესი დამსახურებაა ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლა შეუძლიათ.
"მადლობას გიხდით ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის. საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისთვის. საქმე, რომელსაც თქვენ ემსახურებით უდიდეს პასუხისმგებლობასთან და მაღალ პროფესიონალიზმთანაა დაკავშირებული. ხშირად, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც გიწევთ მუშაობა. არაერთი მაგალითი გვაქვს პოლციელის პირადი თავგანწირვის. სამწუხაროდ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას არაერთი პოლიციელის სისცოცხლე შეეწირა. ისინი ჩვენი დროის გმირები არიან.
განსაკუთრებულ მადლობას გიხდით იმ წვლილისთვის, რომელიც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის თვალსაზრისით შეიტანეთ. რომ არა ქვეყანაში უსაფრთხოება და სამაგალითო საპოლიციო თანამშრომლობა, შედეგი მიუღწეველი იქნებოდა. წელს გაფორმდა შეთანხმება საქართველოსა და ევროპოლს შორის. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გავხდით ევროკავშირის ნაწილი სამართალდაცვის სფეროში, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. დღეს ჩვენი მიზანია, რომ გვქონდეს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტები. ჩვენ მაქსიმალურად უნდა მივუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებს, სადაც თითოეული ადამიანის ინტერესების დაცვას ემსახურება სახელმწიფო და პოლიცია. ჩვენ ცივილიზებულ ქვეყანას ვაშენებთ და მიგვაჩნია, რომ წესრიგი მიიღწევა დანაშაულის აღკვეთითა და დასჯით ისე, რომ კანონი იყოს ზედმიწევნით დაცული. ჩვენი მიზანია, რომ პოლიცია უფრო მეტად დაუახლოვდეს ხალხს. კიდევ უფრო გაღრმავდეს ნდობა. პოლიცია და საზოგადოება მოკავშირეებად და პარტნიორებად იქცნენ.
დანაშაულზე რეგაირებისა და მისი გამოძიების პარალელურად დიდი აქცენტი გაკეთდება დანაშაულის პრევენციაზე. მისი გამომწვევი მიზეზების შესწავლასა და აღკვეთაზე. მჯერა, რომ ასეთი რეფორმების განხორციელების შედეგად ძალიან მალე გვექნება ჭეშმარიტად 21-ე საუკუნის პოლიცია, რომლითაც ყველანი ვიამაყებთ. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი საქმიანობის მთავარი შემფასებელი ხალხია და არანაირი წოდება და პრივილეგია არ არის ხალხის ნდობასა და სიყვარულზე მეტი. დარწმუნებული ვარ, თქვენი პროფესიონალიზმისა და ხალხსი ერთგული სამსახურით წვლილს შეიტანთ თანამედროვე ქართული ძლიერი სახელმწიფოს შექმნაში",- განაცხადა პრემიერმა.