"NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის თბილისში ჩატარება, რომელიც ემთხვევა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თქვენი მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და NATO-ში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერის ნათელი დემონსტრირებაა.
ეს არის მკაფიო გზავნილი ჩვენი ხალხისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა მთელი ევროატლანტიკური საზოგადოება დგას რთული გამოწვევების წინაშე",-ასე მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა NATO-ს საპარლამენტო ასმბლეაზე დელეგატებს.
"NATO წარმოადგენს ყველაზე წარმატებულ ალიანსს, რადგან ის ერთ მუშტად შეკრული დგას თავისი წევრების თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დემოკრატიის სადარაჯოზე და მზად არის თავის რიგებში მიიღოს ევროპულ ქვეყნები, რომლებიც იზიარებენ იმავე ღირებულებებს, მზად არიან და შესწევთ უნარი, წვლილი შეიტანონ ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებაში. ალიანსის “ღია კარის” პოლიტიკის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა გადაწყვეტილება NATO-ს 29-ე წევრად მონტენეგროს მიწვევის შესახებ.
საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი NATO-ს წევრობის დღის წესრიგის განხორციელება.
ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური დინამიკა. ნატო-საქართველოს კომისიის მეშვეობით, ჩვენ გვაქვს უწყვეტი დიალოგი ალიანსთან და მივაღწიეთ პრაქტიკული თანამშრომლობის უპრეცედენტო დონეს, ყოველწლიური ეროვნული პროგრამისა და NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების გზით.
შედეგად, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, ჩვენთან წარმატებით ფუნქციონირებს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი და 15 სხვა პროექტი. ამასთან ერთად, საქართველოში მუშაობს ნატოს 30-ზე მეტი ექსპერტი.
საქართველომ უკვე დიდი ხანია დაადასტურა, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. როგორც ასპირანტი სახელმწიფო და პარტნიორი, საქართველო არის ავღანეთის ნატოს მისიის ყველაზე დიდი მხარდამჭერი ალიანსის არაწევრ სახელმწიფოებს შორის. ჩვენ ასევე ვმონაწილეობთ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში. გარდა ამისა, ჩვენი ასეული მონაწილეობს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში.
ჩვენ გვაერთიანებს საერთო ხედვა ევროატლანტიკურ სივრცეში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველო მიესალმება ნატოს გადაწყვეტილებას, მის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგებზე, შავი ზღვის რეგიონის ჩათვლით, გააძლიეროს სამხედრო მზადყოფნა. ჩვენ უკვე ვაცნობეთ ალიანსს, რომ მზად ვართ, ამ მხრივ წვლილი შევიტანოთ ნატოს ძალისხმევაში.
ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგს. ევროპულ სივრცეში დაბრუნების სურვილი საქართველომ 1991 წელს, სახელმწიფოებრიობის აღდგენისთანავე გამოთქვა.
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და თავისუფალი ვაჭრობა, რასაც ემატება შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლება, ისტორიული მოვლენაა, რომელიც კიდევ უფრო დაახლოებს საქართველოს ევროპასთან.
ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოება სამართლებრივი და საკანონმდებლო კუთხით, ევროკავშირის სპეციალიზებულ სააგენტოებსა და პროგრამებთან თანამშრომლობის გაფართოება, სექტორული თანამშრომლობის გაღრმავება, ასევე უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცება.
ჩვენ გვაქვს ამბიცია, მივაღწიოთ ევროკავშირთან ინტეგრაციის ისეთ დონეს, როცა შევძლებთ განვაცხადოთ, რომ გვაქვს „ყველაფერი ინსტიტუტების გარდა“ და დაველოდოთ მხოლოდ წევრობის შესახებ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.
ალბათ, არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ საქართველო ტრანსფორმაციის ეტაპიდან გადავიდა დემოკრატიული კონსოლიდაციის ფაზაში",-განაცხადა პრემიერმა.