- Advertisement -

პრემიერი: მჯერა, თანამედროვე მსოფლიო შეძლებს გაუმკლავდეს ტერორიზმის აგრესიას

556

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიტანეთში მომხდარ ტერორისტულს აქტს განცხადებით ეხმიანება:

"შეშფოთებული ვარ ლონდონის პარლამენტთან მომხდარი ტერაქტის გამო. საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი ყოველთვის ვიდგებით ცივილიზებული მსოფლიოს გვერდით ამ უკიდურესი სისასტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მჯერა, რომ თანამედროვე მსოფლიო შეძლებს გაუმკლავდეს ტერორიზმის წარმოუდგენელ აგრესიას. 21-ე საუკუნეში ვერ გაიმარჯვებს ადამიანისა და პროგრესის წინააღმდეგ მიმართული ბოროტება". 

ბრიუსელის ტერაქტიდან ერთი წლისთავზე, ბრიტანეთის პარლამენტის შენობასთან ტერაქტი მოხდა. ლონდონში, ვესტმინსტერის ხიდზე შეიარაღებული მამაკაცი ავტომობილით 5 ადამიანს დაეჯახა და გაქცევა სცადა.

ავტომობილის მძღოლი თავს დაესხა პოლიციელებს და დანით ერთ-ერთი მათგანი დაჭრა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა სამართალდამცველმა თავდამსხმელის მოკვლა მოახერხა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი ცდილობდა ავტომობილით ვესტმინსტერის სასახლეს მიახლოვებოდა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი თავდამსხმელების ზუსტი რაოდენობა. ინციდენტის შედეგად 40-მდე ადამიანია დაჭრილი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

Comments
Loading...