პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში სახელმწიფოებრიობა და ეკლესია ისე მჭიდროდაა დაკავშირებული, რომ სეკულარიზმი თავისი კლასიკური გაგებით ქვეყანაში უადგილოა, -ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფელ სნოში სასტუმროს გახსნისას განაცხადა, რომელსაც პატრიარქი ილია მეორე ესწრებოდა.
"ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენი ეკლესია ისეა გადაწნული ერთმანეთში, როგორც წმინდა ნინოს ჯვარი იყო შეკრული წმინდა ნინოს ნაწნავით. სწორედ ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს სახელმწიფო და ეკლესია არის დამოუკიდებელი, საქართველოში სეკულარიზმი თავისი კლასიკური გაგებით უადგილოა და ვფიქრობთ, რომ ჩვენს ერში არსებობს მოდელი, რომელიც არის უნიკალური მსოფლიოში და ამ მოდელის განმტკიცებისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პატრიარქს, რომლის სიტყვასაც უდიდესი ძალა აქვს მთელი ერისთვის.
ჩვენი პატრიარქის სიტყვის განსაკუთრებული ძალის ერთ-ერთი მცირედი გამოხატულება გახლავთ სწორედ ეს სასტუმრო, რომლის გახსნასაც ჩვენ ვესწრებით და მინდა, დიდი მადლობა პატრიარქს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სნოს მცხოვრებლებისთვის, მნიშვნელოვანია ის რომ მთელი მოგება საქველმოქმედო მიზნით დაიხარჯება",-განაცხადა პრემიერმა.