„საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ასეთი მჭიდრო და ნაყოფიერი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მან იოჰანეს ჰანსს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში შეტანილი წვლილისთვის.
„ჩვენ ძალიან ბევრს მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე; უვიზო რეჟიმის შემოღება საქართველოს მოქალაქეებისთვის გახლავთ ყველაზე თვალსაჩინო შედეგი, რომელიც კიდევ სხვა მრავალი წარმატების საწინდარი გახდება მომავალში.
ევროკომისრის ვიზიტიც სწორედ იმ მომავალი ნაბიჯების განსაზღვრასა და შეჯერებას ემსახურება, რომლებიც კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს ინტეგრაციას ევროკავშირთან. შეხვედრისას ევროკომისარს გავუზიარეთ საქართველოს მოლოდინები წელს, 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებით, რომელიც, ჩვენი აზრით, უნდა იყოს მომავლის ხედვაზე ორიენტირებული და ხელი უნდა შეუწყოს ევროკავშირთან ურთიერთობების განმტკიცებას“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.