პრემიერი: საქართველო ყოველთვის წინა ხაზზე იყო ღირებულებებისთვის ბრძოლაში

11

“საქართველომ მთელ მსოფლიოს დაანახა, რა ტიპის ტრანსფორმაციის ძალა გააჩნია ევროკავშირს,“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ 10 წლის განმავლობაში მიღწეულ წარმატებას. მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭროს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის.

„ჩემთვის პატივია მიგიღოთ ქალაქში, რომელიც საკუთარ ისტორიას ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მე6 საუკუნიდან ითვლის, ქალაქში, რომელიც ევროპელი არქიტექტორების მიერ იქნა აგებული, ქალაქში, რომელსაც დიდიხნის განმავლობაში გააჩნდა პორტო ფრანკოს სტატუსი. მოგესალმებით ბათუმში, მოგესალმებით საქართველოში. აღნიშნული კონფერენცია ეძღვნება აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილეს. ბათუმის საერთაშორისო კონფერენციამ რუკაზე დაიტანა საკუთარი თავი, სადაც ოფიციალური პირები და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები არა მხოლოდ საქართველოს ევროპულ გზას იხილავენ, არამედ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. ისტორიულმა გადაწყვეტილებამ, შექმნილიყო აღმოსავლეთ პარტნიორობა, ბიძგი მისცა მოდერნიზაციასა და 6 პარტნიორი ქვეყნის ჩართულობას. აღმოსავლეთ პარტნიორობა აღმოჩნდა გამოწვევის წინაშე, მაგრამ ამ 10 წლეულის განმავლობაში მას სერიოზული წარმატების ისტორიაც გააჩნია. აღნიშნულ წარმატებებს შორის ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ საქართველოც, რომელმაც დაამტკიცა, რომ გახლავთ მდგრადი და შედეგებზე ორიენტირებული ქვეყანა. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მთელ მსოფლიოს დაანახა, რა ტიპის ტრანსფორმაციის ძალა გააჩნია ევროკავშირს. უნდა მოგახსენოთ, რომ ეს ვერ მოხდებოდა საქართველოს მეგობრების და პარტნიორების გარეშე, რომლებსაც ჭეშმარიტად სწამდათ ამ მიმართულების. ბატონო პრეზდენტო ტუსკ, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რაც გააკეთეთ საქართველოსთვის და ევროპისთვის,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ევროპისთვის ბევრი რამ აქვს შესათავაზებელი და მათ შორის არის უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობაც.

„საქართველოს ევროპული არჩევანი არ გახლავთ მარტივი საკითხი. ეს არის ჩვენი ხალხის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი. საქართველო ყოველთვის წინა ხაზზე იყო ღირებულებებისთვის ბრძოლაში. დღესდღეობით საქართველოს ბევრი აქვს შესათავაზებელი ევროპისთვის. კულტურული, ეკონომიკური, სოციალური განზომილების გარდა, სადაც საქართველოს უკვე წვლილი შეაქვს, ასევე ჩვენი ქვეყანა მზარდად მნიშვნელოვანი მოთამაშე გახლავთ უსაფრთხოების მიმართულებითაც. შავი ზღვის უსაფრთხოებამ მოიპოვა უზარმაზარი მნიშვნელობა და მინდა ამასთან დაკავშირებით ევროპელ მეგობრებს მივმართო. შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია საუბარი მდგრად უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაზე მთელ ევროპაში. საქართველო მზად არის ევროკავშირის ძირითადი პარტნიორი გახდეს ამ მიმართულებითაც. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, საერთო ღირებულებები, რომლებიც უმთავრესი გახლავთ უფრო ძლიერი და აყვავებული ევროპისთვის,“ – განაცხადა ბახტაძემ.

Comments
Loading...