- Advertisement -

პრემიერი სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

510

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 27 მარტს, კიევში, სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

სხდომის ფარგლებში დაგეგმილია დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია. სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურები, სხდომის შემდეგ, პრესკონფერენციას გამართავენ.

სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების  მეთაურები ასევე მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესფორუმში, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართება.

ქართული მხრიდან  ფორუმზე 20-მდე კომპანია  იქნება წარმოდგენილი. მათ შორის ტრასპორტის, მსუბუქი მრეწველობის, სამშენებლო, სადისტრიბუციო და ფარმაცევტიკის სფეროს წარმომადგენლები. ღონისძიების პირველი პანელის ფარგლებში მონაწილეები სუამ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონის პერსპექტივებს განიხილავენ,  მეორე პანელზე კი საუბარი სუამ-ის სატრანსპორტო დერეფნის შესახებ იქნება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ გროისმანი უმასპინძლებენ.

საქართველოს მთავრობის მეთაური, უკრაინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. გიორგი კვირიკაშვილი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებს, ვლადიმირ გროისმანს და პაველ ფილიპს შეხვდება.

Comments
Loading...