"მეგობრებო, ძალიან დიდ სიხარულს იწვევს ჩემში ის, რომ წელს პირველად, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ამბროლაურში შობადობამ გადააჭარბა სიკვდილიანობას. სწორედ ეს არის ის, რაც ჩვენს სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს, რომ რეგიონებში დაბრუნდნენ ახალგაზრდები, მოიკიდონ ფეხი და შექმნან ძლიერი, წელგამართული ქართული ოჯახები იმისათვის, რომ საქართველო გაძლიერდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამბროლაურის მერე აუცილებლად იქნება სხვა რაიონები ამ რეგიონის შემადგენელი და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოინდომებს, დაბრუნდეს და ფეხი მოიკიდოს იქ, სადაც მათი ფესვებია", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რაჭაში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის და ლენტეხის მერობის კანდიდატები წარადგენისას განაცხადა.
"სწორ სივრცით დაგეგმარებას, რა თქმა უნდა, მოჰყვება ახალი ინვესტიციები, წარმოება, უფრო სწორად განვითარდება რეგიონები, მეტი ხალხი დასაქმდება და ოჯახებს შეექმნება მეტი შემოსავალი, რეგიონებში ცხოვრება გახდება მიმზიდველი.
ჩვენ გავაგრძელებთ ყველა სახელმწიფო პროგრამას, რომლებითაც თქვენ აქამდე სარგებლობდით. ჩვენი ხელშეწყობა იქნება თანმიმდევრული, უწყვეტი და საიმედო და არაფერი არ დაემუქრება იმ უმნიშვნელოვანეს პროექტებს, რომლებიც სწორედ ამ განვითარების წყარო გახდა.
ეს რეგიონი, განსაკუთრებით რაჭა, წლების განმავლობაში, ხალხისგან იცლებოდა და როგორც უკვე მოგახსენეთ, დღეს გვაქვს ჩვენ დადებითი ტენდენცია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტენდენცია გავრცელდება ლეჩხუმშიც, ლენტეხშიც, რომელიც, სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში დაიცალა ახალგაზრდებისგან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ახალი შესაძლებლობები მეწარმეთათვის, მათ შორის დამწყები მეწარმეებისთვის აუცილებლად გამოიწვევს იმას, რომ ახალგაზრდები დაბრუნდებიან.
ჩვენი სტრატეგიული გეგმის მიხედვით, მომავალი ათი წლის განმავლობაში უნდა გავაორმაგოთ ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსება. ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს იმას, რომ მაღალი პროფესიონალები დაბრუნდებიან თავიანთ რაიონებში, რეგიონებში და იმუშავებენ ჩვენი ქვეყნის და მათი საკუთარი კუთხის სასიკეთოდ. ამისთვის, მეგობრებო, საჭიროა ჩვენი ერთსულოვნება, ჩვენი კიდევ ერთხელ გაერთიანება იმისათვის, რომ ერთიანობით, ერთობლივი ძალისხმევით, ერთმანეთის სიყვარულით და გვერდში დგომით დავძლიოთ ის პრობლემები, რაც ჩვენს წინაშე დგას და რა თქმა უნდა, სტაბილურობა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ უზრუნველყო და ის დაბალანსებული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვეწევით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ და რა თქმა უნდა, გავაგრძელოთ ის ჩვენი სტრატეგიული ხაზი, რაც ევროპის ნამდვილ წევრად გახდომას გულისხმობს. ამისათვის კი ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური ადგილობრივი ხელისუფლებები, იმისათვის, რომ მათ თავიანთი ხალხის განვითარების პულსზე ედოთ ხელი, იმისათვის, რომ მათ მიიღონ ყველაზე სწორი, ოპტიმალური გადაწყვეტილება, რათა ჩვენ უსწრაფესად მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულ ოჯახს დაეტყოს კეთილდღეობის ცვლილება. რა თქმა უნდა, ამისთვის ჩვენ წარმოგიდგენთ ახალ კანდიდატებს მუნიციპალიტეტის მერობის თანამდებობებზე. ეს კანდიდატურები გახლავთ:
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი – ზვიად მხეიძე. რატომღაც მას ყველანი დავითად უფრო ვიცნობთ, მათ შორის მეც და წარმოგიდგენთ დავით მხეიძეს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, იქნება ყველა თქვენგანის კეთილდღეობაზე მზრუნველი. იგი გახლავთ საინჟინრო და მენეჯერული გამოცდილების მქონე, ბოლო პერიოდში ის გახლდათ მერის მოადგილე და მას ყველა თქვენგანი იცნობს.
ონის მერობის კანდიდატი გახლავთ ემზარ საბანაძე. ბატონი ემზარი ონიდან გახლავთ. მას ჰქონდა ძალიან წარმატებული კარიერა თავდაცვისა და სამართალდაცვის სფეროებში, სადაც ეკავა ძალიან მაღალი თანამდებობები. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით და მედლით მხედრული მამაცობისთვის. დარწმუნებული ვარ, ბატონი ემზარი ონელების ინტერესს ძალიან კარგად დაიცავს და ყოველმხრივ შეუწყობს ხელს თითოეული ადამიანის კეთილდღეობას.
ცაგერში მერის თანამდებობაზე წარმოგიდგენთ ავთანდილ უგრეხელიძის კანდიდატურას. ბატონი ავთანდილი გახლავთ ლეჩხუმელი. მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, მას ძალიან შთამბეჭდავი კარიერა აქვს, მან განათლება მიიღო ილინოისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროფესიით იურისტია. მას აქვს მუშაობის ძალიან საინტერესო გამოცდილება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.
ლენტეხის მერობისთვის იბრძოლებს ბადრი ლიპარტელიანი. ის ცნობილი ექიმია და ბევრი თქვენგანი მას ძალიან კარგად იცნობს. გარდა ამისა, ის გახლავთ ლენტეხის საკრებულოს ორი მოწვევის წევრი და აქვს ძალიან დიდი და საინტერესო გამოცდილება.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ამ ხალხს სრულ ნდობას უცხადებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანი ძალისხმევას, ენერგიას არ დაიშურებს იმისათვის, რომ ჩვენს მომავალ შეხვედრაზე, როდესაც ჩვენ ასე შევხვდებით ერთმანეთს, ჩვენ, ხელისუფლება ვიყოთ პირნათელი თითოეული თქვენგანის წინაშე. მათ არ აკლიათ გულისხმიერება, პროფესიონალიზმი, წესიერება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა თქვენგანის გვერდში დგომით, ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ჩვენი ულამაზესი რეგიონი, სამოთხე ნამდვილად დედამიწის, გაკაშკაშდება, ნამდვილად აგუგუნდება და თითოეულ ოჯახში შევა კეთილდღეობა. დიდი მადლობა. გილოცავთ დღევანდელ და მომავალ წარმატებებს", – განაცხადა პრემიერმა.