პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, წლის მეოთხე კვარტალში საჩხერისა და რაჭის შემაერთებელი გზის პირველი მონაკვეთის მშენებლობა დაიწყება.
ამის შესახებ პრემიერმა ამბროლაურში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
ამასთან, პრემიერის განცხადებით, პროექტირების დასრულების შემდეგ, ქუთაისის, ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის და ზემო სვანეთის შემაერთებელი გზის მშენებლობაც მალე დაიწყება.
"ჩვენ ერთად გავიარეთ ხუთი ძალიან მნიშვნელოვანი წელი ჩვენი ქვეყნის და რაჭა-ლეჩხუმის ცხოვრებაში. ჩვენ მეხუთე არჩევნებს ვუახლოვდებით და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავდგეთ ერთად რომ ჩვენი დაწყებული კარგი საქმეები გავაგრძელოთ. დღევანდელი არჩევანი განაპირობებს ყოველი ქალაქის და ყოველი სოფლის განვითარებას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ კიდევ ერთხელ სწორ არჩევანს გავაკეთებთ და ხმას მივცემთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი კუთხის უკეთეს მომავალს. „ქართულმა ოცნებამ“ ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ ჩვენს ხალხს ეგრძნო შვება და თითოეული ჩვენგანის მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო.
ჩვენ ვიცით რომ ეს არ არის საკმარისი და საჭიროა მეტი მასშტაბი, რათა ყველამ იგრძნოს ის ახალი შესაძლებლობა, რომელიც საქართველოში იქმნება. იმისთვის, რომ ქვეყანა სწრაფად განვითარდეს სულ უფრო მეტი საწარმო უნდა ამუშავდეს, შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და ხალხმა ამოისუნთქოს. დიდი ცვლილებები უნდა შევიტანოთ საქართველოს რეგიონებში. მჯერა, რომ თქვენ ამ მიზნის განხორციელებაში კვლავ ჩვენთან ერთად დადგებით.
ძალიან მნიშვნელოვანია რომ ქვეყანას ჰქონდეს სწორი სივრცითი მოწყობა, გამართული ინფრასტრუქტურა და განვითარებული მეწარმეობა. ეს არის ის, რაც აძლიერებს ჩვენს რეგიონებს და რაც განაპირობებს ჩვენი ხალხის კეთილდღეობას. მჯერა, რომ ამ ყველაფრის ერთობლიობა გამოაცოცხლებს რაჭას, ლეჩხუმს, ლენტეხს. ტურიზმის განვითარება ძალიან კარგ პერსპექტივებს და დამატებით შემოსავალს უჩენს აქაურ ხალხს. მინდა იცოდეთ ,რომ ხელისუფლება გვერდით დაგიდგებათ და ხელს შეგიწყობთ ყველაფერში, რაც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას სჭირდება.
ჩვენ ვაპირებთ უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. მთელ საქართველოში იგება გზები, შენდება ახალი აეროპორტები, ხიდები და გვირაბები. ჩვენ დღეს გვაქვს მიუვალი სოფლები და ამ გეგმის განხორციელებით ამ პრობლემას გადავჭრით. წელს, მეოთხე კვარტალში ჩვენ დავიწყებთ საჩხერის და რაჭის შემაერთებელი გზის პირველი მონაკვეთის მშენებლობას, რომელიც სრულიად ახალ შესაძლებლობას გააჩენს რაჭა-ლეჩხუმისთვის და ლენტეხისთვის. ეს არის ის პროექტი, რომელიც დედაქალაქთან კავშირს მნიშვნელოვნად გაამარტივებს. ასევე, ქუთაისის, ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის და ზემო სვანეთის შემაერთებელი გზის მშენებლობაც მალე დაიწყება, როდესაც პროექტირება დასრულდება",- განაცხადა პრემიერმა.