- Advertisement -

პრემიერი ჯარს: არ არსებობს იმაზე მეტი პატივი, ვიდრე სამშობლოს სადარაჯოზე დგომაა

447

"გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს! წელს ჩვენ ვზეიმობთ ქართული სახელმწიფოსთვის ამ უმთავრეს დღესასწაულს, ყოველი ჩვენგანისთვის ძალიან ძვირფას დღეს – ვულოცავ მთელ საქართველოს, ვულოცავ თითოეულ მოქალაქეს, ყველა ჩვენს თანამემამულეს! დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ თქვენ, ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცებო!", – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, წვევამდელების საზეიმო ფიცის დადების შემდეგ განაცხადა.

"დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე განსაკუთრებული და გამორჩეულად ამაღლებულია ჩვენი წვევამდელებისთვის, რომლებმაც სწორედ ასეთ დღეს საზეიმოდ დადეს საქართველოს ერთგულების ფიცი და ქვეყნის სამსახურში ჩადგნენ. არ არსებობს იმაზე მეტი პატივი, ვიდრე სამშობლოს სადარაჯოზე დგომაა. გილოცავთ ყველას ფიცის დადებას და ჯარისკაცის საპატიო მისიის დაწყებას!

მე მჯერა, რომ თქვენ პირნათლად ემსახურებით საქართველოს და ღირსეულად ატარებთ ქართველი მეომრის სახელს.

ჩემო ჯარისკაცებო მე ვისურვებდი, რომ ვაჟკაცობა, მეგობრობა, ერთგულება, ერთმანეთის გატანა, მოყვასის სიყვარული მუდამ თქვენი მეგზური ყოფილიყოს. ყოველთვის გახსოვდეთ, და იამაყეთ, რომ რუსთაველის ქვეყნიდან ხართ, და უერთგულეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლო და ჩვენი ერის ზნეობრივ კოდექსად იქცა", – განაცხადა პრემიერმა. 

Comments
Loading...