საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფინანსთა მინისტრის პოსტზე ივანე მაჭავარიანი წარადგინა.
"ვანო მაჭავარიანი წლების განმავლობაში მუშაობდა Telia Sonera-ს ჯგუფში შემავალ კომპანია „ჯეოსელში“. ის გახლდათ ამ კომპანიაში ფინანსური და კომერციული დირექტორი.
ჩვენი რეფორმების დიდი ნაწილი დაკავშირებულია ციფრულ ეკონომიკასთან, ჩემს მიერ წარდგენილი რეფორმათა პაკეტის დაახლოებით 50% საჭიროებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. ვანო მაჭავარიანის გამოცდილება, ამ კუთხით, არის მართლაც თვალსაჩინო. ის საქართველოში გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ადამიანი ამ მიმართულებით.
შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ იგი მაქსიმალურად დაგვეხმარება ეკონომიკის ციფრულ ტრანსფორმაციაში. მინდა შეგახსენოთ, ჩვენი პროგნოზის მიხედვით, დაახლოებით, 1-დან 1,5%-მდე ზრდა უნდა უზრუნველყოს, სწორედ, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვამ. შესაბამისად, ეს გახლავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულება", – განაცხადა პრემიერმა ივანე მაჭავარიანის წარდგენისას.