აკადემიკოს ფრიდონ თოდუას კლინიკაში რამდენიმე თვეა ონკოლოგიური პაციენტებისთვის უახლესი თაობის რადიოქირურგიული სისტემა EDGE ხელმისაწვდომია. პირველი პაციენტი რომელსაც უახლესი აპარატურით უმკურნალეს, 2016 წლის ბოლოს მიიღეს. ამ დრომდე კლინიკაში ამ აპარატურით 40-მდე პაციენტმა იმკურნალა. ტექნიკის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ 1 მილიმეტრამდე სიმსივნის დასხივებაა შესაძლებელი, ისე რომ გვერდით მდებარე ქსოვილები არ დაზიანდეს. რადიოქირურგია სიმსივნის ყველა სტადიაზე გამოიყენება, თუმცა როგორც რადიაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რადიაციული ონკოლოგი ნატალია ჯანყარაშვილი განმარტავს, რომ ეს მასიური გამოყენების ტექნიკა არ არის და ამიტომ პაციენტების რიცხვი, რომელთაც ის სჭირდებათ შედარებით მცირეა.
"ონკოლოგიური დაავადებას სხვადსხვა მკურნალობის კომბინაცია სჭირდება. მაგალითად, პაციენტს აქვს ფილტვის კიბო და გადავუღე თავის ტვინი, ნევროლოგიაც იყო გამოხატული და ვნახე, რომ თავის ტვინში არის ერთი ორი ან სამი მეტასტაზი, ამ შემთხვევაში მკურნალობას ვიწყებ თავის ტვინის მეტასტაზის დასხივებით, არ ასხივებ მთლიანად თავის ტვინს, ამ რადიოქირურგიით გაქვს საშუალება რომ უშუალოდ იმ მეტასტაზს დაასხივო ერთჯერადი მაღალი დოზებით, ამ დოზებით დასხივების შედეგად იღებ იმას, რომ ორ სამ თვეში შემოწმების შემდეგ ის ან სრულად გამქრალია, ან ძალიან დაპატარავებული. შედეგი არის ქირურგიული, თითქოს ქირურგმა ამოკვეთა, სწორედ ამიტომ ჰქვია რადიოქირურგია, ამ დროს ტვინის დანარჩენი ქსოვილი არის ძალიან დაცული, პაციენტს გონებრივი ჩამორჩენა და სხვა გვერდითი მოვლენები არ უვითარდება. ამან უმკურნალა თავის ტვინის მეტასტაზებს, ამას რომ თავი დააღწია პაციენტმა, უკვე დაიწყო შემდეგ ქიმიოთერაპია ფილტვზე.
2016 წლის ბოლოს მივიღეთ პირველი პაციენტი, ახალი წლის წინა პერიოდი იყო და დღემდე დაახლოებით 30-40 პაციენტმა გაიარა მკურნალობა. თითოეულ შემთხვევაში სიმსივნის რამოდენიმე წარმონაქმნი არის ხოლმე, ორი-სამი.
შედეგებს რაც შეეხება, თავის ტვინის მეტასტაზების შემთხვევაში, პირველ კვლევას ვაკეთებთ ხოლმე დაახლოებით თვენახევარში და ყველა პაციენტს ჰქონდა განახევრებული წარმონაქმნის ზომა, ძვლის მეტასტაზების შემთვევაში ტკვილი მოხსნილი. ჩვენი პირადი პრაქტიკა აჩვენებს რომ გადააქვთ უმტკივნეულოდ, გვერდითი მოვლენების გარეშე, რა თქმა უნდა მინიმალურ პროცენტში არის გარკვეული გვერდითი მოვლენების ალბათობა, თუმცა, ჯერ-ჯერობით ამ მხრივ წყნარად მივდივართ. შედეგი 90-95%-ის შემთხვევაში დგება, ეს არის მინუმუმ განახევრება, შემდგომ ამ დაავადების ზრდის შეჩერება",-განაცხადა ნატალია ჯანყარაშვილმა.
როგორც ნატალია ჯანყარაშვილი ამბობს, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდანაც მიდიან სამკურნალოდ, ევროპულ ქვეყნებში კი მათი კლინიკაში არსებული აპარატურის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
"ევროპაში არ აქვთ ინფორმაცია, თანაც ის ცოტა სხვა ფსიქოლოგიის ხალხია, კლინიკაში რომ მიდიან შეიძლება არც იცოდენენ რა აპარატურით მკურნალობენ, მათ იციან კლინიკა და მორჩა, ეს საქართველოში აინტერესებთ რა აპარატი გიდგას. მე თვითონ ვიყავი ორი კვირის წინ მადრიდის ერთ-ერთ კლინიკაში და ისეთი მოძველებული აპარატურა უდგათ, თან საუნივერსიტეტო კლინიკაა და ტრენინგებს ატარებენ. ჩვენთან ძირითადად აქტიურად მოდიან პაციენტები სასომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. თუმცა, გვყავს საქართველოში მცხოვრები უცხოელები, უცხოელები ვინც აქ არიან დაკავებული სამსახურეობრივად არ მიდიან, რჩებიან და მკურნალობენ აქ.
საქართველოდან ყველაზე ახლოს ასეთი აპარატურა დგას მილანის კლინიკაში, აზიის მხარეს საერთოდ არ აქვთ, რუსეთს არ აქვს, არც თურქეთს. ევროპაში რამოდენიმე კლინიკაში, ძირითადად უფრო ამერიკის კონტინენტზეა, ევროპაში უფრო დეფიციტია. წინა კვირაში ფრანგი სტუმრები გვყავდა კლინიკაში, რადიოონკოლოგი და ქიმიოთერაპევტი იყო, ჩვენი განყოფილება რომ ნახეს გაგიჟდნენ, იმიტომ რომ ჩვენ რაც გვიდგას 2012 წლიდან, იმას დგამენ ისინი ახლა. ახლა მიდისო ინსტალაცია. აღფრთოვანებულები იყვნენ",-აცხადებს ნატალია ჯანყარაშვილი.