- Advertisement -

რატიანი: სანამ “ოცნება” უცხოელებზე მიწის მიყიდვას აკრძალავს, ილიას მოსაზრებები წაიკითხონ

756

პატრიოტული სულისკვეთებით აღტკინებული ქართული ოცნების ხელისუფლება სანამ ქართული მიწების უცხოელებზე გაყიდვის უფლებას კონსტიტუციით აკრძალავს, ეგებ, ყოველი შემთხვევისთვის, ამ საკითხთან დაკავშირევბით, ილიას მოსაზრებები გადაიკითხოს",-ამის შესახებ სოციალურ ქსელში "მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი სერგო რატიანი წერს. 

"ნიკოლაძე ამბობს, რომ ბანკის წესდების შემადგენელის მიზანი იმაზედ უნდა ყოფილიყო მიქცეულიო, რომ ჩვენი მამულები ხელიდან არ წაგვივიდესო და ჩვენვე დაგვრჩესო. როგორ? მამულს გირაოდ აძლევ ბანკს და თუ პირობა არ შეუსრულე, გინდა, რომ მამული ისევ შენ დაგრჩეს. მაშ გირაო რისი გირაოა? განა ეგ შესაძლებელია? თვით უფ. ნიკოლაძე ამბობს, რომ თუმც კარგი იქნებოდა, რომ საქმე ეგრე მოწყობილიყო, მაგრამ ამასთანავე ატანს, თუ ეგ შეუძლებელია, ისე მაინც უნდა მოხერხებულიყოო საქმე, რომ გარემთიელებს არ შეესყიდათ ჩვენი მამულიო. ამისათვის ერთს სასაცილო ღონისძიებას გვირჩევს, იმისთანა ღონისძიებას, რომ ადამიანის ეკონომიკურსა და პირად თავისუფლებას არღვევს და ვაჭრობის თავისუფალ კონკურენციას სპობს.

აი ეს ღონისძიება: ,,ვსთქვათ, ამბობს ნიკოლაძე, რომ მე მყავს ოციოდე მეზობელი ( ვისაც არ ჰყავს?), რომელთაც ეწყინებათ, რომ შემდეგში ჩემი მამული ვისმეს გარეშე პირს ვაჭრობით დარჩეს ( რომ არ ეწყინოს?); ვთქვათ კიდევ, რომ ჩემი მამული მოსწონს და სახეიროდ მიაჩნია ჩემი სოფლის გლეხობას და სხვა (რომ არ მიაჩნდეთ?); განა შეუძლებელიაო, ამბობს შემდეგ უფ. ნიკოლაძე, ამგვარს სახლიკაცებთან , მეზობლებთან და გლეხებთან ბანკი თავდაპირველადვე მორიგდებაში შევიდეს დაფასების დროს და მტკიცე პირობა ჩამოართოს, რომ ვინიცობაა ჩემი მამული ბანკის ვალში გაიყიდოს, იმ ჩემმა მეზობელმა, სახლიკაცებმა და გლეხებმა ამა და ამ ფასად ის მამული აიღონ. რომ იმ თქვენმა მეზობელმა, სახლიკაცმა, ანუ გლეხკაცმა ეგ არ ინდომონ და გვითხრან, ჩვენც არ ვიცით, ჩვენს მამულს როგორ ვეპატრონოთ, თქვენი რაღად გვინდაო, – რას იტყვით მაშინ? რა გიშველიდათ? ვსთქვათ რომ მოეცათ მაგისთანა პირობაცა და ბანკი გაბრიყვებულიყო და მიეღო ეგ პირობა, – როცა მამულის გასყიდვის დრო მოვიდოდა და ისინი ყიდვას არ მოინდომებდნენ, რა კანონით დაატანდით ძალას, გინდათ, თუ არა, იყიდეო. რა ღონე ექნებოდა იმათს ადრინდელ პირობასა.

თუნდ ეგეც არ იყოს, თვითონ მამულის პატრონი რომ მოსულიყო და ეთქვა , აი ეს ერთი ურიააო, ის ერთი-ორად მეტს იძლევაო, მე არ ვარ თანახმო, რომ მაგაზე ნაკლებ ჩემმა მეზობელმა ჩემი მამული იყიდოსო, – რა ძალით, რა სამართლით, რა კანონით ხელ-ფეხს შეუკრავდით მამულის პატრონსა?
ან მამულის პატრონი რომ მოსულიყო და ეთქვა: ჩემი მმული ვაჭრობაში ჩააგდეთ, მეტად და დიდ ფასად გაიყიდებაო, – რა გზით შეუკრავდით მას ხელ- ფეხს და ამაზე უარს ეტყოდით? რა სამართლით წაართმევდით მას მის ქონების უფლებას? მერე აღებ-მიცემობისა და ვაჭრობის თავისუფლების პრონციპს რა პასუხს ეტყოდით, სხვები იყიდიან ჩვენს მამულსაო. განა რითამე შეიძლება წინათვე შეუშალო გზა ამ სამწუხარო მოვლენასა? თუ კაი ფასს მოგცემენ და ამას სახეიროდ დაინახავთ, რა დააბრკოლებს მამულის თქვენის ხელიდამ სხვის ხელში გადასვლასა",-წერს სერგო რატიანი. 

Comments
Loading...