- Advertisement -

რატი იონათამიშვილი: მივმართავ შშმ ადამიანებს – მე თქვენზე მესამე პირში არასდროს ვისაუბრებ!

514

დღეს, შშმპ უფლებების დაცვის დღეა. პარლამენტარი რატი იონათამიშვილი ამ დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"დღეს 14 ივნისია. შშმპ უფლებების დაცვის დღე! ამ დღეს ჩვენ ერთმანეთს არ ვულოცავთ, ეს არ არის სადღესასწაულო თარიღი, არამედ კიდევ ერთხელ ვიაზრებთ, რომ შშმ პირთათვის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფა თითოეული ჩვენგანის უმთავრესი ამოცანაა.

მე დღეს უფრო მეტად მინდა ვისაუბრო იმ საჭიროებებზე, პრობლემებზე და გამოწვევებზე, რომელსაც შშმ პირები ვაწყდებით ყოველდღიურობაში. მიუხედავად ჩვენი არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივისა, თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის პროცესი ჯეროვნად არ ხორციელდება, ჩვენ 2013 წელს მოვახდინეთ გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება, მაგრამ იმპლმენტაციის პროცესში ხარვეზები გვაქვს, მთავრობამ 2014 წელს დაამტკიცა სივრცის მოწყობის რეგლამენტი, მაგრამ ფიზიკური გარემოს ადაპტირება შესაბამისად არ ხდება, ჩვენ ვახორციელებთ ცალკეულ სარეაბილიტაციო პროგრამებს, მაგრამ გვაქვს სარეზერვო სიები და თანამედროვე დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი არ გაგვაჩნია.

ჩვენ გვჭირდება ერთიანი, გააზრებული შეზღუდული შესაძლებლობის სოციალურ მოდელზე დაფუძნებული პოლიტიკა, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეებზე რომელიც ძირეულად შეცვლის ვითარებას. ამიტომ 2017 წელს ვიმუშავებთ აქტიურად, რათა შევქმნათ შესაბამისი სამართლებრივი გარანტიები. სწორედ ამიტომ გვაქვს დაწყებული მუშაობა კანონის ახალ პროექტზე და ამიტომ ჩნდება ახალი ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში, რაც განსაზღვრავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას შშმ პირთა უფლებები მიმართ. მაგრამ ყოველივე ამას დაჭირდება ეფექტური და რეალური აღსრულების მექანიზმების დანერგვა, რათა თითოეული შშმ პირის სახლამდე ადაპტირებული გზით მივიდეთ და გონივრული მისადაგების პრინციპით მოვახდინოთ ჩვენი ინდივიდუალური საჭიროებებისა და სახელმწიფოს რესურსის ჰარმონიზაცია.

ჩვენ ჩვენს პასუხისმგებლობას თქვენს წინაშე ვაჩვენებთ საქმით, სწორედ ამიტომ ის ტემპი, რომლითაც თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის პროცესი მიმდინარეობს, საკმარისი ნამდვილად არ არის. ვადასტურებ, რომ ჩვენ ვხედავთ პრობლემებს, ვაღიარებთ გამოწვევებს და საკითხს არ ვაყენებთ ისე, ვართ თუ არა მზად ვუპასუხოთ თქვენს საჭიროებებს, არამედ ეს ვამბობ საჯაროდ, რომ ეს ჩვენი ვალდებულბა და მოვალეობაა.

მე მივმართავ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს – მე თქვენზე მესამე პირში არასოდეს ვისაუბრებ! დიდი ხნის მანძილზე ჩვენ განვიხილებოდით როგორც ქველმოქმედების ობიექტები მაშინ, როდესაც ერთადერთი მოთხოვნა რაც გვაქვს ჩვენი უფლებებისა და სამოქალაქო ინტერესების დაცვაა. თითოეული თქვენთაგანი იმსახურებს გაცილებით მეტს და ეს თქვენი და ჩვენი ღირსების საკითხია! ვიცი,თქვენ ჩვენზე კარგად გესმით, რომ ერთ დღეში ყველაფრის მოგვარება შეუძლებელია. მითუმეტეს მაშინ, როცა დიდი ხნის მანძილზე ჩვენი უფლებები არავის აინტერესებდა. მაგრამ ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის, რადგან ჩვენ ჩვენს საერთო მომავლის წინაშე გაგვაჩნია პასუხისმგებლობა. თქვენთვის საკმარისია ხედავდეთ, რომ ყოველივე ამის გასაუმჯობესებლად ქმედითი ნაბიჯები იდგმება.

ამიტომ გარწმუნებთ, ჩვენი გუნდი ერთიანი ძალით მუშაობს ყველა იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც ჩვენს წინაშე დგას და ერთად შევძლებთ ღირსეული გარემოს შექმნას. თქვენში არის ძალიან დიდი სიმდიდრე, ექსპერტული ცოდნა, პოტენციალი და ამის არ გამოყენება იმ გადაწყვეტილებების მიღბის დროს, რომელიც თქვენ გეხებათ, უსამართლობა იქნებოდა. ყველაზე მეტად ჩვენ ანგარიშვალდებული ვართ თქვენს წინაშე და მინდა ასე ღიად და ხმამაღლა დაგპირდებთ, იმ ტრიბუნიდან, რომელიც ჩემზე მეტად გეკუთვნით თქვენ და პირობასთან ერთად საქმით დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ბოლომდე მივყვებით ყველა იმ პრობლემას და გამოწვევას, რომელიც ჩვენს წინაშე დგას და არ მოვისვენებთ მანამ, სანამ თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის პროცესი ჩვენს ქვეყანაში შეუქცევადი არ იქნება."

Comments
Loading...