- Advertisement -

რა ვალდებულებები ექნებათ დამსაქმებლებს მძიმე სამუშაოებზე – კანონპროექტი პარლამენტში

465

 

პარლამენტი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტზე იწყებს მუშაობას.

პროექტის თანახმად, კანონი გავრცელდება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე, რომლის ჩამონათვალს საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს. 

კანონპროექტის თანახმად, დამსაქმებელს კონკრეტული ვალდებულებები უჩნდება, რომლის შეუსრულებლობაც გარკვეული სანქციების ამოქმედებას გამოიწვევს. 

კერძოდ, წარმოდგენილი პროექტით, დამსაქმებელი ვალდებული იქნება, სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ორგანიზება უზრუნველყოს, რაც დაკავშირებული იქნება ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან, შრომის იარაღების, ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებებთან. ასვე, დამსაქმებელი ვალდებული იქნება, უზრუნველყოს კვალიფიციური კადრების მომზადება და მათი უბედური შემთხვევებისგან დაზღვევა. 

დამსაქმებელი ვალდებული იქნება, აწარმოოს სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევის, შესაძლო პროფესიული დაავადებების, საშიში შემთხვევის აღრიცხვა და მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს ინფორმაცია დასაქმებულებს ან/და დასაქმებულების წარმომადგენელს. (პირ(ებ)ი, რომელიც წარმოადგენს შესაბამის საწარმო დასაქმებულ(ებ)ის ინტერესებს შრომის უსაფრთხოების საკითხებში). 

პერიოდულობით რეგულარულად უნდა განახორციელოს ტექნიკური აღჭურვილობის უსაფრთხოების მდგომარეობის შემოწმება, ასევე განახორციელოს გარემო ფაქტორების მდგომარეობის შემოწმება, მათ შორის ფიზიკური ფაქტორები (ტემპერატურა, ტენიანობა, სითბული გამოსხივება და ა.შ.), ქიმიური ფაქტორები, ინდივიდუალური და სხვა დამცავი საშუალებების მოვლა-გასუფთავება, მათი სწორად გამოყენების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში დროული შეცვლა. 

დამსაქმებელი ვალდებული იქნება, სამუშაოს დაწყებამდე, დასაქმებულს ჩაუტაროს სწავლება, ინსტრუქტაჟი და მიაწოდოს ინფორმაცია მათთვის გასაგებ ენაზე, უსაფრთხო შრომის პრინციპების შესახებ, სამუშაო პროცედურების, მანქანა-დანადგარების, ტექნიკისა და სამუშაო აღჭურვილობის გამოყენებისა და შეკეთების ინსტრუქციების და სახელმძღვანელოების შესახებ, საგანგებო სიტუაციების და საევაკუაციო ღონისძიებების და მათი პრაქტიკული განხორციელების შესახებ. 

ინსტრუქტაჟი, სწავლება და ტრენინგები დასაქმებულებს უფასოდ ჩაუტარდებათ. 

პროექტის მიხედვით, დამსაქმებელმა დასაქმებულს ინფორმაცია უნდა მიაწოდოს რისკების და მავნე ფაქტორების შესახებ, რამაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს დასაქმებულის ჯანმრთელობაზე. 

დამსაქმებელმა არ უნდა დაასაქმოს 18 წლამდე ასაკის პირები, ასევე ორსული და მეძუძური ქალები მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა შესასრულებლად. 

საწარმოს სპეციფიკიდან გამომდინარე, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობების უზრუნველსაყოფად და სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან ასაცილებლად, დამსაქმებელი ვალდებული იქნება, უზრუნველყოს დაცვის და საკონტროლო სისტემების, ასევე სახიფათო ნივთიერებების შემგროვებელი და გამანეიტრალებელი აღჭურვილობების უწყვეტი და გამართული ფუნქციონირება. 

მძიმე კატეგორიის სამსახურებში დაინიშნებიან შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები ან ამ მიზნით შეიქმნება სამსახური. 

დამსაქმებელს, რომელსაც ჰყავს 20 და ნაკლები დასაქმებული, შესაძლებლობა ექნება პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები იმ პირობით, თუ მას ან მის წარმომადგენელს გავლილი ექნება სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და პირველადი სამედიცინო დახმარების სასწავლო კურსი. 

20-დან 100-მდე დასაქმებულის შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებული იქნება დანიშნოს შრომის უსაფრთხოების მინიმუმ ერთი სპეციალისტი. 100 და მეტი დასაქმებულის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებული იქნება შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური. 

კანონით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გამოიყენებენ ადმინისტრაციულ სახდელებს: გაფრთხილება, ჯარიმა, საქმიანობის შეჩერება. 
გაფრთხილების ან ჯარიმის შემთხვევაში ოქმს შეადგენს და საქმეს განიხილავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური სამსახური. 

საქმიანობის უფლების შეჩერებაზე ოქმს შეადგენს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი პირი, ხოლო საქმიანობის უფლების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას დაამტკიცებს სასამართლო. 

შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვაზე ზედამხედველობის ორგანოს საქმიანობისთვის ხელის შეშლა გამოიწვევს გაფრთხილებას, განმეორების შემთხვევაში ჯარიმას 200 ლარის ოდენობით. 

შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, თუ კი სახეზე არაა საწარმოში შრომის უსაფრთხოების ნორმების კრიტიკული შეუსაბამობა, გამოიწვევს გაფრთხილებას, იგივე ქმედების განმეორებით შემთხვევაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით შესაბამისი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ყოველი პირობის შეუსრულებლობაზე, მაგრამ არაუმეტეს 2 000 ლარისა. 

შრომის უსაფრთხოების ნორმების კრიტიკული შეუსაბამობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, საქმიანობის უფლების შეჩერებით ან მის გარეშე. 
კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. 

Comments
Loading...