- Advertisement -

რა საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება მარიხუანასთან დაკავშირებით

591

მცენარე კანაფისა და მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვის, გადაზიდვის ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შესაძლოა გაუქმდეს და 500 ლარიანი ჯარიმა 300 ლარამდე შემცირდეს. ცვლილებას „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს“.

კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, მცენარე კანაფის, მარიხუანას მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს 1 თვიდან 6 თვემდე ვადით.

ცვლილება შედის ასევე „სისხლის სამართლის კოდექსში“. აღნიშნულს ემატება 2731 მუხლი, რომელიც აწესებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ისეთ ქმედებებზე, როგორიცაა, მცენარე კანაფისა და მარიხუანას უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება.

კერძოდ, ცვლილების თანახმად, აღნიშნული პრიმა მუხლის მიხედვით, მცირე ოდენობით მცენარე კანაფის, მარიხუანას უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ასიდან ას სამოც საათამდე ვადით. ამ შემთხვევაში ჯარიმა 900 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.

მცენარე კანაფის, მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 160-დან 220 საათამდე ვადით. თუ ეს ქმედება ჩადენილი იქნება წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ან იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს დანაშაული, დაისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 220-დან 300 საათამდე ვადით. ხოლო, თუ ეს ქმედება ჩადენილია დიდი ოდენობით, დაისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 300-დან 400 საათამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე. ხოლო აღნიშნული ქმედება თუ ჩადენილია წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ, არაერთგზის დაისჯება ჯარიმით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 400-დან 500 საათამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე ვადით.

მცენარე კანაფის, მარიხუანას განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენის, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 2-დან 6 წლამდე ვადით .თუ ეს ქმედება ჩადენილი იქნება წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ან ზემოთ აღნიშნული დანაშაულებების განმეორების შემთხვევაში სასჯელი იქნება თავისუფლების აღკვეთა 3-დან 7 წლამდე.

მცენარე კანაფის, მარიხუანას უკანონო გასაღება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 8 წლამდე ვადით. თუ ეს ქმედება ჩადენილი იქნება -დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის, ან იმის მიერ, ვისაც ზემოთ აღნიშნული რომელიმე დანაშაული ჩადენილი აქვს, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 9 წლამდე ვადით. განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 10 წლამდე.

გარდა ამისა, მთავრობას წარმოდგენილი აქვს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების – მცენარე კანაფის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების, ხოლო მარიხუანას დიდი ოდენობის ცვლილებას ითვალისწინებს.

კერძოდ, პროექტის თანახმად, მცენარე კანაფის შემთხვევაში, დიდი ოდენობა, 50 გრამის ნაცვლად, განისაზღვრება 140 გრამის, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდეობა 250 გრამის ნაცვლად, 1000 გრამის ოდენობით.

რაც შეეხება მარიხუანას, გამომშრალი მარიხუანის შემთხვევაში, დიდი ოდენობა, 50 გრამის ნაცვლად განისაზღვრება 70 გრამის, ხოლო ნედლი მარიხუანის შემთხვევაში 100 გრამის ნაცვლად, 140 გრამის ოდენობით.

წარმოდგენილი კანონპროექტები პარლამენტშია უკვე ინიცირებული. ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, ავტორი, იუსტიციის სამინისტრო. 

Comments
Loading...