„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, არც საქართველოს ხელისუფლებას და არც უკრაინის ხელისუფლებას არ აწყობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავება, რადგან დეპუტატის შეფასებით, ამას ქვეყანაში სერიზოული პროცესები მოყვება.
„სააკაშვილთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ორი მშიშარა, მხდალი ხელისუფლების ქმედება, რომელსაც არ უნდა ძლიერი კონკურენტი გაუშვას საარჩევნო პროცესში, ეს არის ხელისუფლების შენარჩუნებისათვის გადადგმული ბინძური ნაბიჯი ორივე ხელისუფლების მხრიდან, ეს არის ადამიანის დევნა და მასზე გამოცხადებული ნადირობა.
რაც შეეხება საქართველოს მოთხოვნას, მან ერთხელ უკვე გააგზავნა და უკრაინის ხელისუფლებამ ამაზე უარი განაცხადა. დღეს შეუძლებელია იგივე მოტივით უკრაინულმა ხელისუფლებამ რაიმე სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღოს.
ეს არის გამიზნული მიხეილ სააკაშვილის შესაშინებლად. არც უკრაინის ხელისუფლებას და არც საქართველოს ხელისუფლებას არ სურს იხილოს თავის ქვეყანაში დაკავებული სააკაშვილი, ვინაიდანა მას მოყვება ძალიან სერიოზული პროცესები ქვეყანაში. დარწმუნებული იყავით, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ის ადამიანი, რომელიც ამნაირ ქმედებას შეუშინდება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ, 2017 წლის 1 სექტემბერს უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობით კიდევ ერთხელ მიმართა.