- Advertisement -

რუმინეთის პრემიერი: ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობის დონის გაზრდა ჩვენი საერთო მიზანია

624

აქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა სორინ გრინდეანუმ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და შეხვედრის შედეგებზე ისაუბრეს.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მხარეებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია ურთიერთობების შემდგომი განვითარების შესახებ.

“საქართველო და რუმინეთი არიან უძველესი კულტურის ქვეყნები, რომლებიც გეოგრაფიულად არიან დაკავშირებულნი. შავი ზღვა გვიქმნის განსაკუთრებულ უპირატესობას და ხელს უწყობს თანამშრომლობის ფართო სპექტრის განვითარებას. საქართველო და რუმინეთი წარმოადგენს ბუნებრივ ხიდს ევროპასა და აზიას შორის. აქტიურად ვმუშაობთ ამ შესაძლებლობების განვითარებაზე. შესაბამისად, ჩვენი მიზანია სატრანსპორტო-ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და გამოყენება,”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში რუმინეთის აქტიურ წვლილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებს ფართომასშტაბიან რეფორმებს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.

“ჩვენ ვაგრძელებთ ფართომასშტაბიან რეფორმებს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, რათა ქვეყანაში დავნერგოთ საუკეთესო ევროპული სტანდარტები და ნორმები. თანდათანობით, ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების სიკეთეები ხელმისაწვდომი ხდება ჩვენი თითოეული მოქალაქისათვის. დღითიდღე უფრო და უფრო მეტი მცირე და საშუალო მეწარმე ინტერესდება ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტით,”-აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საქართველო აქტიურად ემზადება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის, რომელიც 24 ნოემბერს გაიმართება ბრიუსელში. მანვე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო პარტნიორების მხარდაჭერით, შეძლებს იმ საერთო მიზნების შესრულებას, რომლებსაც „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ითვალისწინებს.

საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები.

“ხაზი გაესვა 12 მარტს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში და 9 აპრილს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. არჩევნების უკანონობას, რომელიც წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მცდელობას, მოახდინოს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღისა და ადგილზე მიმდინარე ოკუპაციის ლეგიტიმაცია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა რუმინეთის მთავრობას აღნიშნულ არალეგიტიმურ და საშიშროების შემცველ ქმედებებზე რეაგირებისათვის და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას გავუსვა ხაზი. ვისაუბრეთ აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე, აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ პრობლემებზე,”-აღნიშნა პრემიერმა.

რუმინეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ორივე მხარისათვის საინტერესოა, ტრანსპორტირებისა და ენერგეტიკის სფეროში არსებული რეგიონალური პროექტები, რომლებიც კასპიისა და შავი ზღვების დერეფნის ამოქმედებას ისახავს მიზნად. სორინ გრინდეანუს თქმით ორივე ქვეყნის მთავრობა დაინტერესებულია შავი ზღვის, როგორც ევროპას, აზიასა და სამხრეთ კავკასიას შორის არსებული ხიდის ეკონომიკური პოტენციალით.

“ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს, რაც ინვესტიციების წახალისებასა და ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობის დონის ზრდას გულისხმობს. ამ თვალსაზრისით არსებობს უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც ჩვენს ქვეყნებს ჯერ სათანადოდ არ აუთვისებიათ და გამოუყენებიათ. პრემიერ-მინისტრთან ერთად გადავწყვიტეთ ამ პროცესის დაჩქარება და ეკონომიკური თანამშრომლობის ორმხრივი კომიტეტის გააქტიურება, რაც ბიზნეს სექტორის წარმომადგენელთა მონაწილეობით ჩასატარებელი სესიის გზით უნდა მოხდეს. უნდა აღვნიშნო, რომ მთავრობათაშორისი კომიტეტის სხდომა 2002 წლის შემდეგ აღარ ჩატარებულა. მიუხედავად ამისა, ჩვენი გადაწყვეტილების თანახმად, მისი საქმიანობა უმოკლეს ვადაში უნდა გააქტიურდეს. რუმინული კომპანიების მიერ საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების შესახებ შეთანხმების გათვალისწინება უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია,”-განაცხადა სორინ გრინდეანუმ.

რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას და ვიზალიბერალიზაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ დიდ წარმატებას.

“კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც განვითარებას საჭიროებს, ტურიზმის სფეროა – ეს განსაკუთრებით აქტუალური საკითხია მას შემდეგ, რაც სულ ახლახან საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის უფლება მიეცათ. ეს იყო საქართველოს მიერ გაწეული შრომის აღიარება და ამ შედეგს რუმინეთი მხარს უჭერდა. მინდა, პრემიერ-მინისტრს პირადად მივულოცო ეს მიღწევა,”-აღნიშნა სორინ გრინდეანუმ.

Comments
Loading...