- Advertisement -

საგარეო საქმეთა სამინისტრო: აშშ-ს საპასუხო ქმედება სირიაში დროული და ადეკვატურია

506

საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას გმობს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საპასუხოდ აშშ-ს მიერ განხორციელებული ქმედებები დროული და ადეკვატურია. 

"საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს სირიაში, ქალაქ ჰან შეიხუნში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოყვა.

ქიმიური იარაღის განთავსებით, სირია საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს.

ამგვარი ქმედებების უპასუხოდ დატოვება არ შეიძლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ აშშ-ს მიერ განხორციელებული საპასუხო ქმედება​ იყო დროული, ადექვატური და გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა. მნიშვნელოვანია, რომ გატარდა ყველა სახის გამაფრთხილებელი ზომა.

ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება გამოიჩენს სათანადო პრინციპულობასა და ერთიანობას სირიაში საბოლოო მშვიდობის დასამყარებლად",-აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. 

დღეს დილით ამერიკულმა ხომალდებმა სირიის ტერიტორია საკრუიზო რაკეტებით დაბომბა. როგორც პენტაგონის წარმომადგენელი იუწყება, სირიის ავიაბაზა "შაირათის" ტერიტორიისაკენ 59 რაკეტა გაუშვეს. სირიის სახელმწიფო ტელემაუწყებლობამ დაადასტურა, რომ ავიაიერიშის ქვეშ მოყვა სირიის ავიაბაზა. გავრცელებულ ინფორმაციაში აგრეთვე საუბარია ამერიკის აგრესიაზე.

სირიის არმიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დღეს აშშ-ის მიერ სირიის ავიაბაზის მიმართულებით განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად დაღუპულია ექვსი ადამიანი. მათი თქმით, აგრეთვე დიდია მატერიალური ზარალი.

Comments
Loading...