- Advertisement -

საგარეო უწყება: საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთის უკანონო ნაბიჯებზე ქმედითი ზომები მიიღოს

649

საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვას ეხმიანება და მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ფუნდამენტურ უფლებებს და ემსახურება ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის დანარჩენი სამყაროსაგან იზოლირებას. 

საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობას ქმედითი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

"საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების რაოდენობის შემცირება კიდევ უფრო გაართულებს აფხაზეთის რეგიონში ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ისედაც მძიმე მდგომარეობას, განსაკუთრებით – მოწყვლადი ჯგუფების: მოხუცების, ავადმყოფებისა და სკოლის მოსწავლეების ყოფას, რაც ადგილზე ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას გამოიწვევს.

მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, გაერო-ს, ევროკავშირის, ნატო-ს, აშშ-ის, ლიტვის, იაპონიის მკაფიო მოწოდებებისა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა სოხუმში, როგორც ჩანს, მიიღო გადაწყვეტილება, გააგრძელოს დესტრუქციული პოლიტიკა და ხელი შეუშალოს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები საქართველოს მიმართ, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ისევე, როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და პასუხისმგებლობით მოეკიდოს ადგილზე ვითარების ესკალაციის თავიდან აცილების საკითხს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, ჯეროვანი შეფასება მისცეს ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და ოკუპირებული რეგიონების იზოლირების ტენდენციას, ასევე 9 აპრილს ცხინვალის რეგიონში დანიშნულ ე.წ. რეფერენდუმს და ქმედითი ზომები მიიღოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ, რუსეთის უკანონო ნაბიჯებზე",-აღნიშნულია განცხადებაში. 

Comments
Loading...