- Advertisement -

საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაცის შემდეგ “აწარმოე საქართველოშის” ინვესტიციის ფუნქცია ექნება

613

მთავრობა ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაციას გეგმავს, აღნიშნული სააგენტოს უფლებამონაცვლე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ი – „აწარმოე საქართველოში“ იქნება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მინისტრის თქმით, „იყო ორი სხვადასხვა სააგენტო, ახლა არის ერთი. საინვესტიციო სააგენტოში ინვესტიციების მოზიდვისთვის 25 ადამიანის ნაცვლად 7 ადამიანი იმუშავებს, სადაც იქნება სხვადასხვა ფუნქციები.

ეს იქნება მარტივი პატარა დეპარტამენტი, იქ იყო დიდი სააგენტო თავისი ხელმძღვანელით, ინფრასტრუქტურით, ბუღლტერიით და ა. შ. ვფიქრობ, აქ აშკარაა ადმინისტრაციული ხარჯების ეფექტურობა.

სააგენტოში იქნება საინვესტიციო მიმართულება, მეორე იქნება საკმაოდ სერიოზული ტრეიდის(ვაჭრობა) მიმართულება, მესამე იქნება „აწარმოე საქართველოს“ მიმართულება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ..

ეკონომიკის მინისტრის თქმით, უკვე მოხდა რეგორგანიზაცია.

ცნობისთვის, შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს უკვე წარედგინა, რომლის მიხედვით, მთავრობა კანონის ამოქმედებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ”საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს” ლიკვიდაციას უზრუნველყოფს.

ამასთან, სსიპ-ს ”აწარმოე საქართველოში” უფლება ექნება, 2017 წლის ბიუჯეტიდან მისთვის განსაზღვრულ ფინანსებთან ერთად, განკარგოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსთვის განსაზღვრული საბიუჯეტო ასიგნებები.

Comments
Loading...