- Advertisement -

სამადაშვილი უმრავლესობას: მოგიწოდებთ, პარლამენტის რეპუტაცია ერთად გადავარჩინოთ!

558

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმოამდგენელი სალომე სამადაშვილი IRI-ის კვლევებს ეხმიანება და აცხადებს, რომ საზოგადოებაში პარლამენტის მიმართ  ნდობის შემცირება შემაშფოთებელია. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სალომე სამადაშვილმა ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და ამ ფონზე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩევლის ზურაბ აბაშიძს განცხადებები გააკრიტიკა. 

"უკანასკნელ გამოკითხვებში სრულიად კატატროფული მაჩვენებლებია, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ჩაატარა. თითოეული თქვენგანისთვის შედეგი შემაშფოთებელი უნდა იყოს, რადგან მოსახლეობის ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი დღითიდღე იკლებს. 2012 წლის შემდეგ სასამართლოს მიმართ ნდობა 23 %-ით არის შემცირებული. კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის, რომ პარლამენტის მიმართ ნდობა კატასტროფულად დაეცა. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დგას ეგზისტენციალური პრობლემების წინაშე, ასევე უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე უდიდეს პრობლემად რჩება და ამ დარბაზში ჯდომისთვის სწორედ ქართველი ამომრჩეველი ხელფასს გვიხდის, რათა დავიცვათ მათი ინტერესები.

ამომრჩევლის ნდობა ჩვენს მიმართ, რომ იკლებს ესაა კატასტროფული ყველა ჩვენთაგანისთვის. ამ ფონზე მინდა დავაყენო რამდენიმე საკითხი, რომელზეც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებისგან და აღმასრულებელი ხელისუფლებისგან გასაგებ პასუხებს მოველით.

რა ხდება საქართველოში, როდესაც ყოველდღიურობის ნაწილი გახდა ქუჩაში შეიარაღებული თავდასხმები, მათ შორის ხელისუფლების ყოფილ წევრებზეც. მაინტერესებს რატომ არის მზარდი კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში და რას აკეთებს ხელისუფლება ამის შესაჩერებლად. ასევე უკვე რამდენიმე კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც სარწმუნო და სანდო ინფორმაცია მივიღეთ ოკუპაციის ფაზა აფხაზეთსა და ოსეთს შორის გადავიდა ღია და აშკარა ანექსიის ფარგლებში. უკვე ორი თვეა საკანონმდებლო ორგანოში აბაშიძის გამოცხადებას ვითხოვთ, რომელიც პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი გახლავთ რუსეთთან ურთიერთობაში და ის გვიმტკიცებს, რომ რუსეთთან ე.წ პრაგმატული ურთიერთობის შედეგად საქართველო კონკრეტულ სარგებელს იღებს.

ჩვენ გვინდა აბაშიძისგან და ხელისუფლებისგან მოვისმინოთ პასუხები, რეალურად რა ხდება, როდესაც ანექსიასთან გვაქვს საქმე. საკანონმდებლო ორგანოში ტრადიციად იქცა კანონმდებლების მოთხოვნების იგნორირება. ესაა საერთო პრობლემა და მოგიწოდებთ პარლამენტის რეპუტაცია ერთად გადავარჩინოთ და ჩვენი მოქალაქეების ინტერესები დავიცვათ, რისთვისაც გადასახადის გადამხდელები ხელფასს ამ საკანონმდებლო ორგანოში მუშაობისთვის გვიხდიან ‘’ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

Comments
Loading...