შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში არ ადასტურებენ იმას, რომ ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბასთან ხანძრის ახალი კერა გაჩნდა და დასახლებულ პუნქტებს საფრთხე ემუქრება.
როგორც "აიპრესს" სააგენტოს პრესცენტრში განუცხადეს, მოსახლეობა მშვიდად უნდა იყოს და ისინი ყველაფრისთვის მზად არიან.
"არა, ახალი კერა არ გაჩენილა. ეს არის იგივე ხანძარი, იგივე ტერიტორია. ქარია და მხოლოდ და მხოლოდ ამისი ბრალია. რა თქმა უნდა ადგილზე გვყავს საჭირო რაოდენობის მეხანძრე-მაშველები, ტექნიკა. მუშაობენ განუწყვეტლივ. 1 წუთით არ შეჩერებულა დღეს სამუშაოები.
რაც შეეხება მოსახლეობას, ისინი უნდა იყვნენ მშვიდად. არ დავუშვებთ, რომ ხანძარი დასახლებულ პუნქტში გავრცელდეს. ამ ეტაპზე ამის საფრთხე არ არსებობს. იცით როგორი რაღაცაა? ქარს ვერ გააკონტროლებ, მაგრამ ჩვენ ზუსტად იმ წერტილებში ვართ, საიდანაც შესაძლოა მოსახლეობას რაიმე საფრთხე დაემუქროს. ამ წუთში საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ რომც დაემუქროს ამისთვისაც მზად ვართ და შესაბამისი ტექნიკისა და მეხანძრე-მაშველების მობილიზება ხდება. ასე, რომ მოსახელობა მშვიდად უნდა იყოს", – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.