- Advertisement -

სანდრო ბარამიძე: სუმბაევს, რომელსაც რუსეთმა საქმეები “შეუკერა” და თავშესაფარს გვთხოვდა, ისევ მას გადავეცით

20

როგორც ბარამიძემ “აიპრესს” განუცხადა, რუსეთი მისგან ითხოვდა, რომ მას ემოქმედა დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნების სახელმწიფო და საბანკო სისტემების გატეხვისათვის, რაზეც მან უარი განაცხადა და ამის გამო “შეუკერეს” მას საქმეები. საქართველომ კი ის იმ ქვეყანას გადასცა, სადაც ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა.
„მე ამ საქმესთან მქონდა შეხება, როგორც ადვოკატს და ძალიან არასწორად მიმაჩნია, როდესაც ამ კაცს „ჰაკერად“ მოიხსენიებენ. ის არის IT ტექნოლოგიების სპეციალისტი. „ჰაკერი“ თავის თავში მოიცავს უარყოფით კონოტაციას. ეს კაცი გამოექცა რუსეთის სპეცსამსახურებს, იმიტომ რომ მას დაუპირეს გადაბირება და ითხოვდნენ მისგან, რომ ამ კაცს ემოქმედა დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნების სახელმწიფო და საბანკო სისტემების გატეხვისათვის, რაზეც მან უარი განაცხადა. ამის გამო „შეუკერეს“ საქმეები და ამის გამო მოუწია მას წასვლა სხვადასხვა ქვეყნებში. საქართველოში შემოვიდა იმ იმედით, რომ საქართველო მას შეიფარებდა, რომელმაც არა თუ არ შეიფარა, არამედ გადასცა იმ ქვეყანას, რომელიც ცნობილია ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებით.
ამის თაობაზე არაერთი დასკვნა არსებობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგანაც, Human Rights Watch-განაც და Amnasty international-განაც, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. აქედან გამომდინარე მკვეთრად უარყოფითად ვაფასებ ამ გადაწყვეტილებას, რომ ეს ადამიანი, რომელმაც ითხოვა თავშესაფარი საქართველოში, გადასცეს რუსეთს“, – ამბობს ბარამიძე.
ბარამიძის განცხადებით, იუსტიციის მინისტრი დაეყრდნო რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილის ე. წ. გარანტიებს.
„ე. წ. გარანტიებს იმის თაობაზე, რომ ექსტრადირების შემთხვევაში მას არ მოექცეოდნენ ღირსების შემლახველი მოქმედებებით. რამდენად, შეიძლება ენდო რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილეს, ეს უკვე სხვა საკითხია. ჩემი აზრით არ უნდა ენდო და ე. წ. გარანტიების მიუხედავად ეს კაცი არ უნდა გადასცემოდა რუსეთს, სადაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ მის მიმართაც განხორციელდება წამება და სხვა აკრძალული მეთოდები“, – გვითხრა სანდრო ბარამიძემ.
კითხვაზე, ისევ თეა წულუკიანის მოადგილე რომ იყოს, მინისტრს წინააღმდეგობას გაუწევდა? – სანდრო ბარამიძე პასუხობს:
„მე გამოვთქვამდი ჩემს აზრს, რომ ამ კაცის გადაცემა არ შეიძლება“, – აცხადებს სანდრო ბარამიძე.
შეგახსენებთ, თბილისში დაკავებულმა რუსმა ჰაკერმა, იაროსლავ სუმბაევმა საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. რუსული მედიის ინფორმაციით, მას ბრალად კიბერდანაშაული და რუსი გამომძიებლის, ევგენია შიშკინას მკვლელობის შეკვეთაში მონაწილეობა ედება. წულიაკიანის განცხადებით, მისი ექსტრადირება სტრასბურგის წერილის საფუძველზე მოხდა.
ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი
The post სანდრო ბარამიძე: სუმბაევს, რომელსაც რუსეთმა საქმეები “შეუკერა” და თავშესაფარს გვთხოვდა, ისევ მას გადავეცით appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...