- Advertisement -

საქართველოს ელჩი: ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტით მრავალ სოციალურ სიკეთეს მიიღებს საქართველო

450

"ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი არის პროექტი, რომელიც აერთებს სამი ზღვის – კასპიის, შავი და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებს. ფაქტობრივად, სრულდება ეტაპი, რომელიც სრულყოფილად აყალიბებს სამხრეთ კავკასიური დერეფნის შექმნას – სამხრეთ კავკასიურ დერეფანში ჩვენ გვექნება ენერგო, სატრანზიტო გზები და ასევე სატრანსპორტო კომუნიკაციები. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რასაკვირველია, იქნება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი. მისი მნიშვნელობა უაღრესად დიდია, ცდება რეგიონის ინტერესებს და გადის, როგორც აზიის, ასევე ევროპის ქვეყნებზე", – აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში თეიმურაზ შარაშენიძე.

მისი თქმით, ბაქოში გამართულ ცერემონიას ამიტომაც ესწრებიან შუა აზიის სახელმწიფოთა მეთაურები – ყაზახეთის პრეზიდენტი ბატონი ნაზარბაევი, უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი, ბატონი არიპოვი; რა თქმა უნდა, ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ თურქეთის პრეზიდენტი ბატონი ერდოღანი და პრემიერმინისტრი ბატონი გიორგი კვირიკაშვილი.

"მწყობრში დგება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა, რომელიც სავსებით პასუხობს ჩინეთის მიერ ინიცირებულ და უკვე რეალიზებად ახალი აბრეშუმის გზის პროექტს, რომლის კონცეფციაც არის "ერთი სარტყელი – ერთი გზა". ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ გზის მეშვეობით, ჩვენი მოქალაქეებისთვის შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები; მაგისტრალი მიმზიდველი გახდება როგორც ტვირთების გადაზიდვისთვის, ისე მგზავრების მიმოსვლისა და ტურისტების მოზიდვის კუთხით. ვფიქრობთ, ამ პროექტის განხორციელებით, მრავალ სოციალურ სიკეთეს მიიღებს საქართველოს მოსახლეობა." – განაცხადა თემურ შარაშენიძემ.

Comments
Loading...