- Advertisement -

საქართველოში ქართულ-რუმინული ბიზნესფორუმი გაიმართება

504

საქართველოსა და რუმინეთის მთავრობები პოლიტიკური, ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანზიტო და კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ-ამის შესახებ ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე აღინიშნა.

როგორც მთავრობის ადინისტრაციიდან იუწყებიან, შეხვედრაზე ხაზი გაესვა თავდაცვის, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სფეროებში თანამშრომლობის კუთხით არსებულ დინამიკას. ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკულ და სატრანზიტო ურთიერთობებზე, ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებსა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ბიზნესწრეების დაახლოების მნიშვნელობაზე.

გაფართოებულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ეკონომიკური თანამშრომლობის საბჭოს სხდომა და ერთობლივი ბიზნესფორუმი გაიმართება.

ქართულმა მხარემ რუმინეთის მთავრობის წევრებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე ფართომასშტაბიანი რეფორმების დღის წესრიგი გააცნო და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მიზანი ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაციაა.
მხარეებმა ისაუბრეს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ თემებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ პრობლემებზე.

რუმინულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი და მიესალმა საქართველოს მიღწეულ პროგრესს ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების კუთხით.

Comments
Loading...