- Advertisement -

საქართველოში, შესაძლოა, ბავშვთა უფლებების კოდექსი შეიქმნას

464

საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ბავშვის უფლებების კოდექსთან დაკავშირებით დიალოგი გახსნა. ღონისძიება, სახელწოდებით "ბავშვის უფლებათა კოდექსზე დიალოგის გახსნა და კანონმდებლობის ანალიზი" ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით გაიმართა.

კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, აგვისტოს დასაწყისში ამ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

მასში მონაწილეობდნენ გაეროს ბავშვთა ფონდის (unicef) წარმომადგენელი საქართველოში ლაილა ომარ გადი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.

ბავშვის უფლებათა კოდექსის შექმნის ინიციატივა კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს ეკუთვნის. მისი თქმით, დღემდე არ არსებობს ერთიანი რეგულაცია, რომელშიც თავმოყრილი იქნებოდა ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული საკითხები. სოფო კილაძემ ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით unicef -ის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  იუსტიციის სამინისტროსთან ერთად იუნისეფი მუშაობს სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის დახვეწაზე, რაც ასევე მნიშვნელოვანი იქნება ბავშვთა უფლებების კოდექსში გარკვეული პასაჟების გასათვალისწინებლად.

"მნიშვნელოვანია სწორად მივაწოდოთ ბავშვებს ის ფასეულობები, რომლითაც მათ მომავალში უნდა შექმნან ჩვენი საზოგადოება. ჩვენი, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლების ვალდებულებაა, ერთი მხრივ, დავიცვათ ბავშვები და შევუქმნათ მათ გარანტიები, მეორე მხრივ, ვასწავლოთ რა არის სწორი ფასეულობები, რომ შემდგომში ჩვენი ქვეყნის მომავალი იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ბავშვის უფლებების კოდექსთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ. მისი თქმით, მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება, თუ კოდექსზე მუშაობისას მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის რეკომენდაციები.

„კომიტეტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს იმისთვის, რომ უკეთ გაუმკლავდეს ისეთ გამოწვევებს, როგორიც არის, მაგალითად, ბავშვთა ფიზიკური დასჯა, სექსუალური ექსპლუატაცია, ოჯახური გარემო, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები“, – აღნიშნა ხათუნა თოთლაძემ.

მან ყურადრება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბავშვების მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც მისივე ინფორმაციით, პირველ პრობლემად არის დასახელებული გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის დასკვნაში.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის განცხადებით, კოდექსის შემუშავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლების სამინისტროსთვის, რადგან განათლების უფლების რეალიზება, მისივე თქმით, ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლების რეალიზებაა, რომელიც მუდმივად იდგა სხვადასხვა გამოწვევების წინაშე.

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (unicef) წარმომადგენლის, ლაილა ომარ გადს მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნია ბავშვთა უფლებების კოდექსზე დიალოგის გახსნა. მან კოდექსის შემუშავების პროცესში საერთაშორისო სტანდარტების დაცვის მნიშვნელობაზე გააკეტა აქცენტი.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ნანა ჩაფიძემ ქართული კანონმდებლობის ანალიზის პრეზენტაცია წარმოადგინა და საკონსტიტუციო პროექტში ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებულ ჩანაწერზეც ისაუბრა. 

„საქართველოს კონსტიტუცია ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით გვაწვდის ერთადერთ ჩანაწერს, რომ დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. კონსტიტუციის ეს ჩანაწერი ბავშვს განიხილავს ოჯახთან კონტექსტში და არ გვაწვდის მყარ სამართლებრივ გარანტიებს ბავშვის, როგორც დამოუკიდებელი უფლებების მატარებელი სუბიექტის უფლებრივი გაძლიერებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ეს კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესშიც გათვალისწინებული იყოს“, – განაცხადა ნანა ჩაფიძემ.

საკანონმდებლო აქტებზე საუბრისას მან ყურადღება გაამახვილა ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე, ბავშვის მონაწილეობის უფლებასა და დისკრიმინაციის დაუშვებლობაზე.

ბავშვის უფლებების კოდექსის ძირითადი არსის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ გააცნო ღონისძიებაში მონაწილეებს. მისი თქმით, ბავშვის უფლებების კოდექსი უნდა იყოს სახელმწიფოსთვის პრიორიტეტის განმსაზღვრელი.

„უნდა შვეცადოთ, რომ კოდექსში ძირითადი კონსტიტუციური უფლებები, რომელიც ყველა ადამიანისთვის ზოგადია, თითოეულ ბავშვთან მიმართებით განვსაზღვროთ. ამასთანავე, განვსაზღვროთ ისეთნაირად, რომ ის სპეციფიკური თავისებურებები, რაც ბავშვებს უკავშირდება, მასში სრულად იყოს ასახული“, -აღნიშნა სოფო კილაძემ.

სამუშაო პროცესთან დაკავშირებით, კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მაქსიმალურად გამჭვირვალე და მაქსიმალური ჩართულობით იყოს წარმართული. „მასში ჩართული უნდა იყოს როგორც პარლამენტი, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება, სასამართლო ხელისუფლება და არასამთავრობო სექტორი. აგვისტოს დასაწყისში შავი, სამუშაო ვერსია დაეგზავნება ყველას და დაიწყება ინტენსიური სამუშაო პროცესი“, -აღნიშნა სოფო კილაძემ.

კოდექსის შინაარსზე საუბრისას ინიციატორმა 2 ძირითადი მიმართულება გამოყო – ერთი უფლებრივი დაცვის საკითხები და მეორე – დაცვის მექანიზმები. მექანიზმებთან დაკავშირებით სოფო კილაძემ ყურადღება გაამახვილა სოციალურ მუშაკის რეფორმაზე. მას მიაჩნია, რომ სოციალური მუშაკის რეფორმაზე მუშაობა პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს. კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა ინსტიტუციური მექანიზმის შექმნის შესაძლებლობაზე, რომელიც უშუალოდ ბავშვის უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირტებული.

„ბავშვების აღზრდისას მნიშვნელოვანია ისიც, რომ მათ გაცნობიერებული ჰქონდეთ თავიანთი ვალდებულებები ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე. ვფიქრობ, ამ კუთხითაც შეიძლება კარგი მიმართულებების გახსნა. ეს არ იქნება მარტივი პროცესი, მაგრამ ერთობლივად შევძლებთ ამას“ , – განაცხადა სოფო კილაძემ. მისი ინფორმაციით, კოდექსზე მუშაობის პროცესში ჩართული იქნება ქართველი ექსპერტი პაატა ტურავა.

Comments
Loading...