- Advertisement -

“საქართველო… ცხოვრების საუკეთესო მოგზაურობა” – საუდის არაბეთის წამყვანი გაზეთი საქართველოზე

583

საუდის არაბეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჟურნალ “Alam Al-Rajul”-ის თებერვლის ნომერში, გამოქვეყნდა ვრცელი სტატია საქართველოს შესახებ -„საქართველო… ცხოვრების საუკეთესო მოგზაურობა“. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროდან იუწყებიან, სტატია საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და თანამონაწილეობით დაიბეჭდა.

"რატომ ღირს საქართველოში გამგზავრება? არის თუ არა ქვეყანაში ისტორიული ადგილები და ლამაზი ბუნება? თუ არის ქართველი ხალხი გულუხვი და სტუმართმოყვარე? ამგვარ კითხვებს სვამენ ტურისტები, რომლებსაც სურთ საქართველოში მოგზაურობა. საქართველოში გასამგზავრებლად არსებობს ბევრი მიზეზი, რომლებსაც ახლა ჩამოგითვლით:

სტუმართმოყვარეობა 

საქართველოში გამგზავრების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის მისი მეგობრული, ამაყი და სტუმართმოყვარე ხალხი, მათი მაღალი დონის კულტურა და მდიდარი ისტორია. ქართველები მეტად კეთილშობილი და გულუხვი ერია, რომელიც დიდი პატივისცემით ეპყრობა სტუმრებს. სტუმრისადმი ასეთი დამოკიდებულება განსაკუთრებით იგრძნობა პატარა ქალაქებსა და სოფლებში.

მდიდარი სამზარეულო

ქართული სამზარეულო საკმაოდ მრავალფეროვანია. ხშირ შემთხვევაში მისი კერძები თავისი ფესვებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებისათვის დამახასიათებელ ადათ-წესებთან და ტრადიციებთანაა დაკავშირებული. მაგალითისთვის, ქვეყანა ცნობილია ქართული ხალხური კერძით, რომელსაც „ხინკალი“ ქვია. ის გემოთი ატრიას (გუფთა ცომში) ჰგავს, თუმცა შიგთავსი ძალზე მრავალფეროვანია. მისი მომზადება შეიძლება კარტოფილით, ხბოს ხორცით, ყველით ან სოკოთი. ასევე ცნობილი პოპულარული საჭმელია „ხაჭაპური“. მისი ცომი პიცის ცომს წააგავს, რომელიც ყველითაა სავსე. არსებობს ხაჭაპურის რამდენიმე სახეობა: მაგალითად ნავის ფორმის მქონე ღია „აჭარული ხაჭაპური“, რომელშიც ყველთან ერთად დებენ კვერცხს და კარაქს.

მრავალფეროვანი ბუნება 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ტერიტორიულად არ არის დიდი, ის გამოირჩევა მდიდარი ბუნებით. ქვეყნის ჩრდილოეთში თქვენ შეგიძლიათ ესტუმროთ კავკასიის მთებში შეფენილ ყაზბეგსა და მესტიას. დასავლეთ საქართველოში მდებარეობს უძველესი ისტორიული ძეგლები, დიდი ნაკრძალები და ტყეები. საქართველოს თითქმის ყველა მხარე მდიდარია მინერალური და სამკურნალო წყლებით. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა ბორჯომი და მისი ხეობა. აგრეთვე ლამაზი ბუნებით გამოირჩევა შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ მდებარე ქალაქები: ბათუმი, ქობულეთი, ფოთი და მრავალი სხვა. 

Luxury სასტუმროები

ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში იპოვით მეტად კომფორტულ და თანამედროვე სასტუმროებს. ქალაქ თბილისში ძალზე პოპულარული სასტუმროა „თბილისი მარიოტი“ და „რედისონ ბლუ ივერია“. ასევე ხუთ-ვარსკვლავიანი სასტუმროებია ბათუმსა და ბორჯომში. 

ზომიერი კლიმატი

დედაქალაქ თბილისში, ზაფხულში ტემპერატურა + 35°C აღწევს. ზამთარი ცივია, ხოლო მთიანი რეგიონები თოვლით იფარება, რაც ზამთრის ტურიზმის განვითარების საშუალებას იძლევა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ ისეთი სამთო-სათხილამურო კურორტები როგორიცაა გუდაური (ყაზბეგის მუნიციპალიტეტში) და ბაკურიანი (ბორჯომის ხეობაში).

რესტორნები 

როგორც აღინიშნა, ქართული კერძები გამოირჩევა თავისი მრავალფეროვნებითა და საუცხოო გემოთი. შესაბამისად, საქართველოს ყველა ქალაქში მრავლადაა როგორც თანამედროვე, ასევე ტრადიციული რესტორანი. დედაქალაქ თბილისში მრავლადაა ძველ ქართულ სტილში გაკეთებული თანამედროვე რესტორნები და კაფეები, სადაც წარმოდგენილია როგორც ქართული (ხალხური), ასევე საერთაშორისო სამზარეულო. ტრადიციული ქართული და ევროპული კაფე-რესტორნების სიმრავლით გამოირჩევა შარდენის ქუჩა.

სამკურნალო კურორტები

საქართველოს დედაქალაქი თბილისი დაარსდა იმ ადგილას, რომელიც დღეს „აბანოთუბნის“ სახელითაა ცნობილია, სადაც თერმული გოგირდის წყლების აბანოებია. აქ შესაძლებელია გოგირდის წყლის აბანოს მიღება, რომელიც სასარგებლოა სხვადასხვა კანის დაავადებების სამკურნალოდ. ის ასევე შველის ასთმურ და რევმატულ დაავადებებსაც.
ქალაქი ბორჯომი ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის ბატონობის დროიდან ცნობილი იყო თავისი უნიკალური სამკურნალო მინერალური წყლებით, რამაც იგი ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამკურნალო-დასასვენებელ ცენტრად აქცია. დღეისთვის ბორჯომში არის რიგი კარგი სპა-სასტუმროები, როგორიცაა მაგალითად სასტუმრო „რიქსოსი ბორჯომი“.

უსაფრთხოება

საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტებისათვის. ძალზე იშვიათია უცხოელთა გატაცებების, ქურდობისა ან მკვლელობის ფაქტები. ქვეყნის პოლიცია უმაღლეს დონეზეა გაწვრთნილი და ყოველთვის მზადაა მოქალაქეებისა თუ უცხოელების დასაცავად. მეტად მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ რეგიონი საკმაოდ უსაფრთხო და მშვიდია. 

რამდენიმე ფაქტი საქართველოს შესახებ

– ფართობი: 70 ათასი კმ²;
– მოსახლეობა: 3,8 მილიონი;
– ოფიციალური ენა: ქართული;
– რელიგია: ქრისტიანობა გავრცელდა საქართველოში 326 წელს, მოსახლეობის 10% მუსლიმია;
– სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა: 75 წელი;
– დედაქალაქი: თბილისი – 1.3 მილიონი მოსახლე;
– წერა-კითხვის ცოდნა : 99.7%;
– ვალუტა: ქართული ლარი (დოლართან შეფარდება: 1 დოლარი -2.7 ლარი);
– 2016 წელს საქართველო მოინახულა 6.4 მილიონმა ტურისტმა, აქედან 63 ათასი იყო ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებიდან – 22 ათასი საუდის არაბეთის მოქალაქე და 8 ათასი სამეფოში მცხოვრები ექსპატრიატი (საუდის არაბეთის ბინადრობის მოწმობის საფუძველზე);
– მიმდინარე წელს საქართველოს საელჩომ საუდის არაბეთში დაიწყო მუშაობა სამეფოსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნაზე. რეისები რიადიდან, დამამიდან და ჯედადან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით დაიწყება 2017 წლის ზაფხულის სეზონზე. ავიარეისებს განახორციელებს ქართული ავიაკომპანია “Georgian Airways”;
– ასევე მიმდინარე წლის ივნისიდან ავიაკომპანია “Gulf Air” დანიშნავს პირდაპირ ავიარეისებს კვირაში სამჯერ, ბაჰრეინიდან თბილისის მიმართულებით;
– ამჟამად კატარის ავიახაზები ახორციელებენ 11 ავიარეისს რიადი-დოჰა-თბილისის მიმართულებით. აგრეთვე საუდელ ტურისტებს შეუძლიათ საქართველოში გამგზავრება “Turkish Airlines”-ის, “Fly Dubai”-ს და “Air Arabia”-ს ავიახაზების მეშვეობით;
– ჟურნალმა “VOGUE” დაასახელა საქართველო როგორც 2017 წლის საუკეთესო ტურისტული მიმართულება;
– ჟურნალმა “National Geographic” 2015 წელს მიიჩნია საქართველო როგორც ევროპის საუკეთესო ტურისტული მიმართულება;
– “Lifestyle”-ს მიხედვით საქართველომ დაიკავა მერვე ადგილი მსოფლიოს 10 ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორის;
– გაზეთმა “The New York Times”-მა მსოფლიოს 52 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის საქართველოს მეექვსე ადგილი მიაკუთვნა;
– 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს საქართველოში საუდის არაბეთიდან ჩასულ ტურისტთა რაოდენობამ 62%-ით იმატა.

Comments
Loading...