- Advertisement -

სახალხო დამცველი: გადაცემა “ბავშვების დროში” შეილახა ბავშვის ღირსება და რეპუტაცია

803

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ინტერნეტგადაცემა „ბავშვების დროს“ მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, რომელიც ბავშვის კერძო სივრცეშია გადაღებული და ბავშვის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს ხდის.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, პირადი ხასიათის ინფორმაციის გავრცელებით, შეილახა ბავშვის ღირსება და რეპუტაცია, რამაც შესაძლოა მომავალში დამანგრეველი ეფექტი იქონიოს მის პიროვნულ განვითარებაზე.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ უფლება საკუთარ გამოსახულებაზე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უმნიშვნელოვანესი ელემენტი და ადამიანის ერთ- ერთი ფუნდამენტური უფლებაა. ამ უფლების შეზღუდვის გამართლება კიდევ უფრო რთულია იმ პირობებში, როდესაც ადამიანი პირად სივრცეში იმყოფება და მესამე პირებისგან მის კერძო სფეროში ჩარევის მოლოდინი არ აქვს.

"ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის თანახმად, დაუშვებელია ბავშვის პირად ცხოვრებაში ჩარევა ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის შელახვა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ვითარება, როდესაც მშობელი თავის მდგომარეობას ბოროტად იყენებს და ბავშვის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას ლახავს, თავის მხრივ კი, მედიასაშუალება, ბუნდოვანი მიზეზებიდან გამომდინარე, ბავშვის შესახებ პირადი სახის ინფორმაციას საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს ხდის. არასრულწლოვანების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას აუცილებელია, მედია განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს ინფორმაციის მომზადების და გაცემის პროცესს და დაიცვას ის სამართლებრივი და ეთიკური სტანდარტები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტებით არის გათვალისწინებული. წინააღმდეგ შემთხვევაში,  მედიასაშუალებებმა უარი უნდა თქვან ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა შესაბამის ორგანოს – საქართველოს პროკურატურას, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აღნიშნულ შემთხვევაზე რეაგირების მიზნით, გაატარონ ყველა შესაბამისი ღონისძიება მათი კომპეტენციის მიხედვით",-აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში. 

"ბავშვების დრომ" ბავშვის პირადი ცხოვრების ამსახველ კადრები გუშინ დაანონსა, ხოლო დღეს ეს კადრები გადაცემაში გავიდა. არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ბავშვის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შემთხვევაზე გადაცემა "ბავშვის დროს" წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავს.

მოგვიანებით, სოციალური ქსელიდან გადაცემა წაიშალა და გამოქვეყნდა შემდეგი შინაარსის განცხადება: "დედის თხოვნით და ჩვენი გადაცემის ჯგუფის გადაწყვეტილებით, ბავშვის ფოტო,რომელიც გუშინ დაიდო და ვიდეო სადაც ბავშვის კადრები ჩანს(ყოველგვარი ინტიმური სცენების გარეშე) გადაცემიდან ამოიჭრება და გადაცემა ისე გავრცელდება…კიდევ ერთხელ, ძალიან ვწუხვართ მომხდარი გაუგებრობის გამო."

გადაცემის შესახებ განცხადება გაავრცელა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმაც. "როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვანთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას, ნებისმიერი ორგანიზაცია, მათ შორის მედიასაშუალება უნდა მოქმედებდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა მშობლის თანხმობა.

მიუხედავად იმისა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მანდატი არ ვრცელდება მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების ინფორმირების მიზნით საქმიანობის პროცესზე, ინსპექტორი მოუწოდებს გადაცემას – „ბავშვების დრო“ დაიცვას ბავშვის პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობა და უზრუნველყოს მისი ინტერესების სათანადო დაცვა",-აღნიშნულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადებაში

Comments
Loading...