- Advertisement -

სახალხო დამცველი: სამუშაოზე დაშავებისა და გარდაცვალების შემთხვევებს მკაცრი რეაგირება სჭირდება

510

საქართველოს სახალხო დამცველი თბილისში, მშენებლობაზე მუშის დაღუპვას ეხმიანება. როგორც უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, მიმდინარე წლის განმავლობაში ეს სამუშაო ადგილზე გარდაცვალების მეშვიდე ფაქტია, რომელსაც სახალხო დამცველი საჯარო განცხადებით ეხმიანება. სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული შემთხვევის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ახლობლებს. 

"შემთხვევების საკმაოდ დიდი რაოდენობა მედიის მიღმა რჩება, ხოლო არსებული რეალობა კიდევ უფრო მძიმეა. ბოლო წლების მანძილზე სამუშაო ადგილებზე დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებლები ზრდადია, რაც აშკარად მიუთითებს სახელმწიფოს მხრიდან სასწრაფო და ქმედითი ზომების გატარების აუცილებლობაზე. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებას არა აქვს ინფორმაცია სამუშაო ადგილებზე დაშავებისა და გარდაცვალების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების შედეგებზე.

მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ფაქტი გამოძიებულ იქნეს დროულად და ეფექტურად. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მოთხოვნით, საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმით (2016–2017 წლებისათვის) ერთ–ერთ მნიშნელოვან საქმიანობად განისაზღვრა სამუშაო ადგილებზე დაშავების და გარდაცვალების შემთხვევებზე სისხლის სამართლის გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზირება და პროაქტიული გამოქვეყნება.

აღნიშნული საქმიანობის განხორციელება დაევალა საქართველოს მთავარ პროკურატურას, შესრულების ვადად განისაზღვრა 2016–2017 წლები, ინდიკატორად კი – „ინფორმაცია გამოქვეყნებულია სათანადო  პერიოდულობით“.

აღსანიშნავია, რომ მოცემული ინფორმაცია ამ დრომდე გამოქვეყნებული არ არის. სამუშაო ადგილებზე დაშავებისა და გარდაცვალების შემთხვევებს სახელმწიფოს მხრიდან დროული და მკაცრი რეაგირება სჭირდება. ამავდროულად, სახელმწიფოს ძალისხმევა მაქსიმალურად უნდა იყოს მიმართული ამ შემთხვევების პრევენციისაკენ შესაბამისი მექანიზმების, მათ შორის ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნით",-აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში. 

დღეს, თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა. ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

Comments
Loading...