- Advertisement -

სახალხო დამცველი: შშმ პირთათვის არსებული ქვეპროგრამები ვერ ფარავს არსებულ საჭიროებებს

649

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა ბავშვისთვის არ არის სათანადოდ უზრუნველყოფილი ჯანმრთელობის დაცვის უფლება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სპეციალურ ანგარიშში სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ოჯახების მატერიალური მდგომარეობისა და სახელმწიფო/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არასაკმარისი ჩართულობის გამო, არასრულწლოვანთა გარკვეული ნაწილი საჭიროების შემთხვევაში ვერ იღებს სრულყოფილ სამედიცინო კონსულტაციას, გამოკვლევებს და მედიკამენტოზურ დახმარებას. 

უჩა ნანუაშვილი ანგარიშში აღნიშნავს, რომ "სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამა, გარკვეულწილად, მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ინტერესებისადმი, თუმცა სრულად ვერ ფარავს მათ საჭიროებებს. ომბუდსმენი პრობლემებს შორის ასახელებს გეოგრაფიულ არეალს, პროგრამის ბიუჯეტის სიმწირეს და მომლოდინეთა რიგებს. 

"მას, თავის მხრივ, განაპირობებს ის, რომ წლების განმავლობაში, შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვა ხდება მიზნობრივი ჯგუფის სტატისტიკის არქონის პირობებში და საჭიროებების კვლევის გარეშე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ ქვეპროგრამები ვერ ფარავს არსებულ საჭიროებებს. პროგრამა მოიცავს „ადრეული განვითარების“ კომპონენტს, რომლის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან 3 წლამდე ან 3–დან 7–წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან შესაძლებლობის შეზღუდვის რისკის ქვეშ მყოფი ბავშვები, თუმცა პრობლემურია აღნიშნული ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების გეოგრაფიული არეალი.

კერძოდ, სერვისის მიწოდება ხორციელდება მხოლოდ შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ქობულეთი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, თელავი და ლაგოდეხი. გარდა ამისა, ქვეპროგრამის ბიუჯეტის ლიმიტი ვერ უზრუნველყოფს სერვისის მიწოდებას შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა ბავშვისთვის.

ანალოგიური ვითარებაა „მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამასთან“ დაკავშირებთ, რადგან სერვისის მიწოდება ხორციელდება მხოლოდ თბილისში. „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება ბავშვთა „რეაბილიტაცია/აბილიტაციის“ ქვეპროგრამა. ქვეპროგრამით მომსახურებას იღებენ 3 წლამდე ასაკისა და 3–დან 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები. ქვეპროგრამის ლიმიტირებული ბიუჯეტი არც ამ შემთხვევაშია საკმარისი შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა ბენეფიციარისთვის.

ოჯახების მხარდაჭერასა და შშმ პირების მიტოვების პრევენციას ისახავს მიზნად „დღის ცენტრების“ ქვეპროგრამა. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებს განეკუთვნებიან 6–დან 18 წლამდე და 18 წლის ზემოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და პირები. დღის ცენტრების დაფარვის გეოგრაფიული არეალი მოიცავს, როგორც დიდ ქალაქებს, ისე რეგიონებს, თუმცა ცენტრების რაოდენობა არ არის საკმარისი არსებული მოთხოვნის სრულად უზრუნველსაყოფად. 2016 წლის განმავლობაში დღის ცენტრების ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურებით ისარგებლა 718–მა შშმ ბავშვმა, მათგან მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე 63–მა ბავშვმა. უწყების ცნობით, ფიქსირდება პროგრამით სარგებლობის მსურველ პირთა, როგორც მომლოდინეთა, რიგი, თუმცა რაოდენობა დაკონკრეტებული არ არის.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად „აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამა. აღნიშნული ხორციელდება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტით. გარდა ქვეპროგრამაში ჩართულ შშმ ბავშვთა მცირე რაოდენობისა, გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ სერვისი მიეწოდება მხოლოდ 2015 წლის ივლისის თვემდე თბილისში რეგისტრირებულ შშმ ბავშვებს, რაც არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს რეგიონში მცხოვრებ იმ ბავშვებს, რომელთაც ასევე ესაჭიროებათ აღნიშნული მომსახურება. 

2016 წელს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობდა შემთხვევას, რომელიც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის საჭიროებას შეეხებოდა, კერძოდ, მას ესაჭიროებოდა ფსიქო–სოციალური რეაბილიტაციის კურსის გავლა. ბავშვის მშობლებს არ ჰქონდათ კურსის ღირებულების გადახდის შესაძლებლობა და ითხოვდნენ დახმარებას მკურნალობის დაფინანსებაში. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ „რეფერალური მომსახურების ფარგლებში“ პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევაზე შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, პირმა ვერ მიიღო მისთვის აუცილებელი სერვისი. ცალსახაა, რომ ამგვარი პრეცედენტები გამოკვეთს არსებული სერვისების მოცულობის გაფართოების საჭიროებას.

ინდივიდუალური საქმეების შესწავლა ცხადყოფს, რომ გაჭიანურებულია შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა მიერ ცალკეული მიზნობრივი სოციალური ბენეფიტებით სარგებლობის საკითხი. მათ შორის აღსანიშნავია „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი სახელმწიფო დახმარების“ ქვეპროგრამა, რომლის განხორციელების პროცესშიც არ ხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების სათანადოდ ინფორმირება.

გასული წლის ანალოგიურად, მოსახლეობას კვლავ არ აქვს ჯეროვანი ინფორმაცია სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ფარგლებში არსებული პროგრამებისა თუ სოციალური დახმარების შესახებ. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებული ქვეპროგრამების მისაწვდომობას აბრკოლებს მწირი დაფინანსება, არასაკმარისი გეოგრაფიული მოცვა და სხვა ფაქტორები.

შშმ ბავშვთა საჭიროებებზე ორიენტირებული ქვეპროგრამების უმეტესობაში გვხვდება მომლოდინეთა რიგები. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოება, რომ შესაბამისი ხარისხისა და მოცულობის სერვისების არარსებობის გამო, ისინი, 18 წლის მიღწევის შემდგომ, ფაქტობრივად, მომსახურების გარეშე რჩებიან. შესაბამისად, დარღვეულია სერვისის მიწოდების უწყვეტობა. ქვეპროგრამების არაეფექტურობას განაპირობებს ისიც, რომ სოციალური სამსახური არ არის აღჭურვილი საკმარისი ადამიანური და ტექნიკური რესურსით",-აღნიშნულია ანგარიშში. 

Comments
Loading...