- Advertisement -

სახალხო დამცველმა ბათუმის ბავშვთა პანსიონები მოინახულა

19

2018 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ფონდის გოგონათა და ვაჟთა პანსიონი და ფერიის მუსლიმურ გოგონათა პანსიონი მოინახულა.

სახალხო დამცველი პირადად გაეცნო პანსიონებში არსებულ ინფრასტრუქტურას, შეამოწმა საცხოვრებელი პირობები და საგანმანათლებლო პროცესი, ესაუბრა აღსაზრდელებს.

ნინო ლომჯარია მნიშვნელოვნად მიიჩნევს მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში მყოფი ბავშვთა პანსიონების ლიცენზირებას; ასევე ხაზს უსვამს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დაჩქარების აუცილებლობას, რაც პირველ რიგში, პროცესში სოციალური სამსახურის აქტიურ ჩართულობას გულისხმობს.

სახალხო დამცველის მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ რელიგიური კონფესიების ბავშვთა პანსიონების ნაწილს კვლავ არ აქვს გავლილი ლიცენზირება, პრობლემებს უქმნის სამუშაო პროცესის რეგულირებას. ამასთან, ფერიის მუსლიმთა პანსიონის თანამშრომლებმა სახალხო დამცველთან შეხვედრაზე ლიცენზიის მიღების პროცედურებში გარკვევის სირთულეებზე ისაუბრეს, რაც ხელისფლების შესაბამისი ორგანოების მხრიდან პანსიონებთან თანამშრომლობისა და მათ პროცედურულ საკითხებში დახმარების საჭიროებაზე მიუთითებს.
უცვლელი რჩება სახალხო დამცველის რეკომენდაცია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ: გადადგას ქმედითი ნაბიჯები დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ეფექტიანი წარმართვის მიზნით – დროულად უზრუნველყოს ქვეყანაში არსებული ყველა რელიგიური სკოლა-პანსიონის დეინსტიტუციონალიზაცია და, შესაძლებლობის შემთხვევაში, შემდგომი ლიცენზირება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად; ამ მიზნით ინფორმაცია მიეწოდოს და შესაბამისი კონსულტაცია გაეწიოს სკოლა-პანსიონებს.

სახალხო დამცველის აპარატი მზად არის სტანდარტების გაცნობისა და შესრულების საკითხებში აქტიურად ინფორმაცია მიაწოდოს პანსიონების ხელმძღვანელებსა და პერსონალს, რათა ყოველმხრივ დაცული იყოს ბავშვთა საუკეთესო ინტერესები და ნებისმიერი პროცედურული თუ ძირეული ცვლილება უმტკივნეულოდ წარიმართოს.

Comments
Loading...