- Advertisement -

სესიაშვილი “ნაცმოძრაობის” ბრალდებაზე: ეს გახრწნილი პოლიტიკური ძალა საკადრის პასუხს მიიღებს!

675

უმრავლესობის დეპუტატი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებას ეხმაურება, რომლის მიხედვით, მისი შვილის, დავით სესიაშვილის თითის ანაბეჭდები სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს. "აიპრესთან" საუბრისას, სესიაშვილმა ბრალდებას ბინძური პროვოკაცია და ტალახის სროლა უწოდა.

მისივე განმარტებით, თავისი შვილი მართლაც მუშაობს სუს-ში და პარტიამ სიცრუის ასაგორებლად ეს ფაქტი გამოიყენა.

"სიბინძურის მწვერვალია ეს "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან. არნახული, ვერც კი წარმოვიდგენდი. იმის გამო, რომ ჩემზე სხვა ვერაფერი ნახეს და 3 წუთიანი ნიუსისთვის ჩემს წინააღმდეგ უნდოდათ კამპანიის აგორება… სრული ტყუილი, სიცრუე და რაც მთავარია, ჩემი ოჯახის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.

ჩემი შვილი მართლაც მუშაობს სუს-ში. 6 თვიანი ხელშეკრულებით არის აყვანილი. უნიჭიერესი, უწესიერესი კაცია. მთლიანად ორიენტირებულია განათლებაზე, განვითარებაზე. ამის სერიოზული პერსეპექტივები აქვს .მისი არჩევანი იყო, რომ გაევლო პრაქტიკა. იმის გამო, რომ ერთ სიმართლეს მეორე ტყული მიაბან და შთაბეჭდილება შეიქმნას, რომ რადგან ერთი დასტურდება, შეიძლება მეორეც სიმართლე იყოსო, ამ სტრატეგიით ააგეს ეს სიბინძურე",- აღნიშნა სესიაშვილმა.

მისივე თქმით, კონსულტაციების შემდეგ, "ნაციონალურ მოძრაობის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

"ამაზე უმკაცრეს პასუხს მოვთხოვ. სასამართლოს მივმართავ, კონსულტაციებს გავივლი. ამ სიბინძურესა და ტალახის სროლას უპასუხოდ არ დავტოვებ! თუ "ნაციონალურ მოძრაობას", ამ გახრწნილ პოლიტიკურ ძალას აქვს სურვილი, რომ თავს დამესხას, აგერ ვარ და ნებისემიერ დროს მიიღებენ საკადრის პასუხს. და არა ის, რომ ჩემი ოჯახის წევრებს გადაწვდნენ, თან ისეთ კაცს, რომელიც მართლა უწესიერესია. ვინც კი იცნობს, ყველამ იცის, რა წესიერი შვილი მყავს. მე ვამაყობ ჩვენი შვილის წესიერებით!",- განაცხადა სესიაშვილმა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ირაკლი სესიაშვილის შვილის თითის ანაბეჭდები სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს.

Comments
Loading...