ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ცდილობს საკუთარ თანამდებობას მეტი ფუნქცია შესძინოს, თუმცა სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ ეს შეუძლებელია. მისი თქმით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას დაესწრება.
„მივალთ და მოვისმენთ, თუ რამე კითხვები იქნება, ვთქვათ დევნილებთან დაკავშირებით, გავაკეთებ კომენტარს. პრეზიდენტი წესით უნდა იყოს არბიტრი, იმიტომ რომ ასეთია საპარლამენტო რესპუბლიკებში პრეზიდენტის როლი.
მარგველაშვილი ცდილობს ცოტა მეტი ფუნქცია შესძინოს თავის თანამდებობას, თუმცა ეს შეუძლებელია თუ არ დავბრუნდებით ისევ საპრეზიდენტო მმართველობაზე, როგორიც იყო მაგალითად შევარდნაძე ან სააკაშვილი, როცა მათი იყო მთავრობა, მათი იყო საგარეო და საშინაო პოლიტიკაც.
დღეს, ჩვენ ვართ იმ მოდელის ქვეყანა, როგორებიც არიან მაგალითად ჩეხეთი ან გერმანია, სადაც პრეზიდენტის როლი სიმბოლურია და ის უფრო მეტად მედიატორია ვიდრე პოლიტიკის გამტარებელი თუ შემოქმედი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა 7 აპრილს არის დაგეგმილი.