ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაიაში რუსი სამხედროები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და ე.წ. მოსაცდელი გააკეთეს.
აღნიშნულ ფაქტს „აიპრესთან“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ტყაიაში ედემ კეკუტია ადასტურებს.
მისი თქმით, „ჩვენს ტერიტორიაზე გადმოვიდნენ, 4 ბოძი აღმართეს და გადახურეს. ესენი პერმანენტულად გამოხტებიან, გუშინ ლია-პალური მაცხოვრებელი დაიჭირეს, დღეს სოფელ ტყაიაში მცხოვრები ადამიანი.
იქით მხარეს სადაც მათ ბარაკი აქვთ გაკეთებული, დაახლოებით 200 მეტრით გადმოვიდნენ და იქ დააკავეს ჩვენი მოქალაქე. მდინარე ყოფს ე.წ. საოკუპაციო ხაზს, მდინარის შუა პატარა კუნძულივით არის და იქ, ჩვენ ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და აქ არიან. ისინი იქ 24 საათის მანძილზე არ იმყოფებიან, მაგრამ ცუდი ფაქტი მოხდა, თან გადმოვიდნენ და ორი დღის მანძილზე ჩვენი 2 მოქალაქე დააკავეს", – განაცხადა კეკუტიამ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით "აიპრესი" სუს-ს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს რომ ამ ინფორმაციას გაარკვევენ.