- Advertisement -

სოფო კილაძე: არ გვაქვს ილუზია, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ნულამდე დავა

340

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ნულამდე ვერ დავა, თუმცა სახელმწიფომ სათამაშო ბიზნესის რეგულაციისთვის ნაბიჯი უნდა გადადგას.

„ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ამ, ან სხვა უფრო რომელიმე მკაცრი პროექტით აზარტული თამაშები და მასზე დამოკიდებულება ნულამდე დავა.
საერთოდაც რომ ავკრძალოთ, მაინც იქნებიან ადამიანები, რომლებიც კანონის გვერდის ავლით ითამაშებენ, მაგრამ ჩვენი მიზანია, ხელმისაწვდომობა არ იყოს. განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ მხრივ მოწყვლადია. ესაა არასრულწლოვნები და დამოკიდებული ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავსა და ოჯახს აზიანებენ. ჩვენი მიზანია, მათი რიცხვი მინიმუმადე დავიყვანოთ.

ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ და შევქმენით პაკეტი, რომელიც აზარტული თამაშების დარეგულირებას ეხებოდა. ამ პაკეტიდან ფინანსთა სამინისტრომ გარკვეული ნაწილები ამოიღო. არის საკითხები, რაზეც, ალბათ, აზრთა შეჯერება შეიძლება, მაგრამ მაქსიმალურად მივესალმები ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ პროექტს, რადგან პრინციპი ისაა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ნაბიჯი აუცილებლად არის გადასადგმელი.

სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა, მათ შორის, ჩაერიოს მაშინ, როცა ადამიანი ოჯახს ანადგურებს. რეალურად, ჩვენ ადამიანებს ვკარგავთ და გადასახადის გადამხდელი გადასახადს იმიტომ არ გვიხდის, რომ ჩვენ ხელფასები ავიღოთ. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, ადამიანებზე ვიზრუნოთ და მოქალაქეები ამ პრობლემის პირისპირ მარტო არ დარჩნენ “, – განაცხადა სოფო კილაძემ პირველი არხის ეთერში. 

Comments
Loading...