- Advertisement -

სოფრომაძე “ევროპულ საქართველოს”: თავი დაანებეთ სოციალურად დაუცველებით მანიპულირებას

551

„მინდა მოვუწოდო ჩვენს ოპონენტებს, რომ თავი დაანებონ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის სოციალურად დაუცველი მოქალაქეებით მანიპულირებას“ – ასე გამოეხმაურა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას.

მისი თქმით, მსოფლიოში არ არსებობს სისტემა, რომელიც დახმარების ყველა მსურველს დააკმაყოფილებს და გამონაკლისი არც საქართველოა.
„სოციალური დახმარების დანიშვნისა და მოხსნის პროცესი, ისევე როგორც ოჯახების გადამოწმების პროცესი -არის მუდმივი. ყოველთვიურად ათასობით ადამიანს ენიშნება და უჩერდება სოციალური დახმარება.

საერთაშორისო ორგანიზაციებთან აღებული ვალდებულებების მიხედვით, სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმების პროცესი აგვისტოში უნდა დასრულდეს. შესაბამისად გადამოწმების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული ის აზრი, თითქოს გარკვეული თანხების დაზოგვა ხდება ამ მიმართულებით. საბიუჯეტო პროცესი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე და ყველა ეს რესურსი მიემართება მიზნობრივად სოციალურად დაუცველი ოჯახებისკენ და ხმარდება მხოლოდ სოციალურ პროგრამებს“, – აღნიშნა სოფრომაძემ.

გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ადგილობრივ თვითმმართველობებთან მიმდინარეობს მუშაობა, რომ მათი სოციალური პროგრამების მეშვეობით ამ ადამიანებისათვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს სხვადასხვა სოციალური სერვისი.

„2016 წელს აქტიურად მოწმდებოდა როგორც საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახები, ასევე ბაზაში რეგისტრირებული , მაღალქულიანი ოჯახები, ასევე ის პირებიც, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებულები ბაზაში და პირველადი განაცხადით მომართეს სააგენტოს. ამას დაემატა ის ადამიანებიც, რომელთაც გაუვიდათ ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების 1 წლიანი ვადა და ხელახალი გადამოწმება მოითხოვეს. ბაზაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობის კლება ან ზრდა არ არის ამოვარდნილი იმ საერთო სურათიდან რაც ზოგადად ახასიათებს ამ პროგრამას. 2015-2016 წლებში ბაზაში რეგისტრირებული საკმაოდ დიდი მასის გადამოწმება მოხდა, ამჟამად მიმდინარეობს გადამოწმება გეგმა გრაფიკით და ამ ოჯახებს შორის ბევრია საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი“, – აცხადებს ზაზა სოფრომაძე. 

ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ოქტომბრიდან დღემდე საარსებო შემწეობის გარეშე 53,000-მდე მოქალაქე დარჩა. მისი თქმით, დავით სერგეენკო ღარიბ მოქალაქეებზე თვეში დაახლოებით 2 მლნ ლარამდე ზოგავს.

Comments
Loading...