- Advertisement -

სოციალურად დაუცველ ოჯახს ქუთაისში დახმარება შეუწყვიტეს

687

სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედა ქუთაისში, დახმარებას ითხოვს. მისი თქმით სოციალურმა სააგენტომ, დახმარება 1 თვის უკან შეუწყვიტა და დაუცველთა საერთო ბაზიდან რეგისტრაციაც მოუხსნა. როგორც ქრისტინე გაბუნია განმარტავს, მას მძიმედ ავადმყოფი შვილი ჰყავს, ნაქირავებში ცხოვრობს და ოჯახის ერთადერთი შემოსავალი, სოციალური შემწეობა იყო.

"სოციალური დახმარება მოგვიხსნეს. ბავშვებს ამ თანხით ვკვებდავდი. ქირასაც ვიხდიდი და ელექტროენერგიის გადასახადსაც. ბავშვის პენსიის და სოციალური დახმარების მეტი შემოსავალი მე არ მაქვს. მარტოხელა დედა ვარ და ორ შვილს ვზრდი. ამ თანხის იმედი მქონდა. სხვა შემოსავალი არ მქონია არასდროს.

სადაც ვცხოვრობდი ქირით შევიცვალე ადგილი. იქ ყოფილა აგენტი მისული. ადგილზე რომ არ დავხვდი და გადამისამართება არ გავაკეთე, ამიტომ მომიხსნეს დახმარება. 156 ლარით ვარჩენდი ოჯახს. ახლა როგორ მოვიქცევი არ ვიცი, ძალიან მიჭირს. ბავშვისთვის საკვებს ვერ ვყიდულობ. მხოლოდ ამ თანხის იმედი მქონდა. ვითხოვ აღმიდგინონ ეს დახმარება. ქირაც გადასახდელი მაქვს. საკვებიც არ მაქვს. მე თვითონ ვერ ვმუშაობ ბავშვის გამო ვერსად ვტოვებ,“ -განაცხადა ქრისტინე გაბუნიამ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს, იმერეთის სამხარეო ცენტრის უფროსის, ნინო ჭიღლაძის განმარტებით გაბუნიების ოჯახმა, თავიდან უნდა გააკეთოს რეგისტრაცია, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში. ჭიღლაძის განცხადებით, ყველამ ვისაც სოციალური დახმარება აქვს, კარგად იცის, რომ ნებისმიერი ცვლილების შესახებ სააგენტოს ერთი თვის ვადაში უდა შეატყობინოს.

"ყველას შევახსენებ, რომ მათ ვალდებულება აქვთ ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში აცნობონ ეს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში. როგორც სხვა ოჯახი ეს ოჯახც ინფორმირებული იყო და ხელი ჰქონდა მოწერილი, რომ ვალდებულებას იღებდა ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში ეცნობებინა სააგენტოსთვის. ამჟამად ამ ოჯახს რეგისტრაცია შეწყვეტილი აქვს თუმცა, სამხარეო ცენტრს, შეუძლა რეკომენდაცია გაუწიოს გაბუნის ოჯახს რათა მოეხსნას აკრძალვა და განმეორებით დარეგისტრირდეს მონაცემთა ერთიან ბაზაში,“-განაცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის უფროსმა, ნინო ჭიღლაძემ.

ავტორი: თეონა გიორგაძე

Comments
Loading...