- Advertisement -

სულხან სალაძე: “ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ კანონპროექტის დაჩქარებულად მიღება არასწორი იყო

17

დიდი დებატებისა და სკანდალური საკომიტეტო განხილვების შემდეგ, 2020 წლის 17 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონი („კანონი“). პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონი მაცნეში იმავე დღეს გამოქვეყნდა და დღეს უკვე კანონი მოქმედია.

“კავკასუს ონლაინი“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანაზე აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს. ამის შესახებ კომპანიამ თავისი მოსაზრება უკვე დააფიქსირა და საზოგადოებას გააცნო თავისი ხედვა, თუ რატომ არის  „ელექტრონული კომინიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები ანტიკონსტიტუციური და საინვესტიციო გარმოსთვის დამაზიანებელი.

ანონის საბოლოო რედაქციით კომისიას ენიჭება უფლებამოსილება დანიშნოს სპეციალური მმართველი შემდეგ შემთხვევებში: (ა) თუ ავტორიზებული პირი დაარღვევს  ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის იმ მუხლებს, რომლებიც ავტორიზებული პირის მიერ წილის აქციების და საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიისთვის წინასწარი შეტყობინების ვალდებულებას (ელ. კომუნიკაციების შესახებ კანონი, მუხლი 26) და შერწყმის, წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის გამოკვლევისა და შემდგომი რეგულირების  პირობებს (მუხლი 27) განსაზღვრავს; (ბ) თუ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი დაარღვევს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულებას (მუხლი 34), ან სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულებას (მუხლი 35). ორივე შემთხვევაში კომისიას ასეთი დარღვევებისთვის  უკვე უნდა ჰქონდეს გამოყენებული ოთხივე სანქციის ზომა: გაფრთხილება და ფულადი ჯარიმები. სპეციალური მმართველი კონცენტრაციის მარეგულირებელი ნორმების აღსასრულებლად უშუალოდ კომისიის გადაწყვეტილებით ინიშნება, ხოლო სპეციფიკური ვალდებულების შემთხვევაში- კომისიის შუამდგომლობით სასამართლოს მიერ. თუმცა ორივე შემთხვევაში სპეციალური მმართველის უფლებამოსილებები არის საკმაოდ ფართო და უფლებამოსილების ვადა არ არის შემოფარგლული.

„კომისია კანონს ბიზნესთან კონსენსუსის შედეგს უწოდებს, თუმცა ფაქტია, რომ კავკასუს ონლაინი, რომელიც სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ამ კონსენსუსის ნაწილი არ არის. მიგვაჩნია, რომ კონცენტრაციის მარეგულირებელი ნორმების აღსრულების ნაწილში კანონი სრულადაა აცდენილი საკანონმდებლო რეგულირების ერთიან ჩარჩოს და მხოლოდ ერთ კომპანიაზე, კავკასუს ონლაინზეა მორგებული“ – აცხადებენ კავკასუს ონლაინში.

რამდენად ანტიკონსტიტუციურია კანონი და რა შეფასებებს აძლევს აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებას არასამათავრობო სექტორი, ამასთან დაკავშირებით „აიპრესი“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტების თავმჯდომარეს, სულხან სალაძეს ესაუბრა.

ბატონო სულხან, თქვენ არაერთხელ ესწრებოდით პარლამენტში   კანონპროექტის განხილვას ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ ცვლილებების შესატანად. განხილვა მიმდინარეობდა უპრეცედენტოდ სწრაფ ტემპებში და ფაქტობრივად, ერთ კომპანიაზე, კავკასუს ონლაინზე” იყო მორგებული, რასაც არც დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია უარყოფს. კომპანია აპირებს, რომ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. თქვენ როგორ ფიქრობთ, პარლამენტის მიერ მიღებული ეს კანონი არის თუ არა ანტიკონსტიტუციური?

მე წინასწარ ვერ ვილაპარაკებ, თუმცა, განხილვების და დისკუსიების დროს ნამდვილად იყო ეს მოსაზრება გამოთქმული, რომ შესაძლოა, კანონპროექტი თუ კანონი გახდებოდა, ის კონკრეტული ჩანაწერი ყოფილიყო არაკონსტიტუციური. ამაზე იყო საუბარი ნამდვილად. მაშინ ჩვენ მოგვისმენია დისკუსიის პროცესში შეფასებებიც, მაგრამ მე უფრო შორს ვერ წავალ, რადგან არ ვიცი რაზე აგებს მოსარჩელე მხარე სარჩელს და როგორ დაასაბუთებს ამ ყველაფერს.

რაც შეეხება თავად კანონს, რომელიც კომისიის ინიციატივით შევიდა პარლამენტში, როგორ შეაფასებდით მის შინაარსობრივ ნაწილს?

ჩვენ გამოქვეყნებული გვქონდა თავის დროზე და მიწერილი გვქონდა საქართველოს პარლამენტისთვის ჩვენი მოსაზრებები და შეფასებები. ჩვენი შეფასებით ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება, მაშინ როცა არ იყო შეფასების დოკუმენტი მომზადებული, ეს არ იყო სწორი ნაბიჯი.

ვამბობდით მაშინაც და ვამბობთ ახლაც. ეს კანონპროექტი არ ირიცხებოდა საქართველოს მთავრობის მიერ დასაინიცირებელ კანონპროექტების ჩამონათვალში, რომელიც საგაზაფხულო სესიაზე უნდა გასულიყო. რატომ გაჩნდა ასე სწრაფად და რა მიზეზებით, ამაზე არგუმენტირებული პასუხი სამწუხაროდ ვერ მოვისმინეთ

Comments
Loading...