- Advertisement -

ტარიელ ლონდარიძე: თუ სარეზერვო სისტემა უფრო დაიხვეწება, რეფორმას მხარს დავუჭერთ

633

"მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ტარიელ ლონდარიძე სამხედრო სარეზერვო სისტემის ახალ კონცეფციას აფასებს. ლონდარიძის განცხადებით, ახალ კონცეფციასა და  უკვე არსებულ სისტემას შორის დიდ შინაარსობრივ სხვაობას ვერ ხედავს. თუმცა, როგორც ტარიელ ლონდარიძე ამბობს, თუ ის უფრო დაიხვეწება, "ევროპული საქართველო" რეფორმას მხარს დაუჭერს. 

"ტერიტორიული თავდაცვის სისტემის შემოღება ეს არ არის ახალი. ძირითადი აპელირება ხდება, რომ თავდაცვის ქვედანაყოფების სისტემა შემოდის. ეს 2008 წლის ომის შემდეგ და იმ შეფასებების შემდეგ თუ რეზერვმა როგორ იმოქმედა, იმ ანალიზის შედეგად მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ შეგვექმნა.

თუ აღნიშნულ სისტემას უფრო განავითარებენ, დახვეწავენ და მობილურს გახდიან, რა თქმა უნდა, ჩვენ ქვეყნის უსაფრთხოებას ყოველთვის გვერდში დავუდგებით და ვიქნებით მხარდამჭერები აღნიშნული რეფორმაბისა’’, – განაცხადა ტარიელ ლონდარიძემ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კონცეფციის მიხედვით უნდა შეიქმნას აქტიური სარეზერვო სამსახური, რომელიც სამ კომპონენტს მოიცავს, ესაა შეიარაღებული ძალების რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალისტების რეზერვი. აქტიური სარეზერვო სამსახურის კონცერფცია მთლიანად დამყარებულია ნებაყოფლობით მონაწილეობაზე.

18-დან 55 წლამდე საქართველოს მოქალაქეები, თუკი დააკმაყოფილებენ სპეციალურ მოთხოვნებს, ყოველწლიურად გაივლიან 45 დღიან მომზადებას ქვედანაყოფის შემადგენლობაში. ამ პერიოდში ისინი მიიღებენ ანაზღაურებას, რომელიც წოდებრივი სარგოს 20% წარმოადგენს.

რეზერვისტი ასევე აფორმებს 5 წლიან კონტრაქტს, რომელიც ავალდებულებს მას, შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდეს ქვედანაყოფში. პირველ ეტაპზე შეიარაღებული ძალების რეზერვის ოპტიმალური რაოდენობა 1500-მდე რეზერვისტით განისაზღვრა. ხოლო ახალი კონცეფციის დამტკიცების შემთხვევაში პირველი საპილოტე გაწვევა 2018 წელს განხორციელდება.

Comments
Loading...