- Advertisement -

ტარიელ ხეჩიკაშვილი თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტს შეხვდა

422

24 ნოემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა უმასპინძლა თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტს – დოქტორ კლაუს შორმანს. შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის ფედერაციის პრეზიდენტი ვიაჩესლავ მალიშევი.

მხარეებმა ისაუბრეს სამინისტროსა და საერთაშორისო ფედერაციას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე და თბილისში, სასტუმრო „ბილტმორსა" და სასტუმრო „ჰუალინგში" მიმდინარე თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის საერთაშორისო ფედერაციას 69-ე კონგრესზე, რომელსაც მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის სპორტული დელეგაციების წარმომადგენლები, ფედერაციების პრეზიდენტები და გენერალური მდივნები ესწრებიან. კონგრესის ორგანიზებასთან დაკავშირებით, თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის ხელმძღვანელები – პრეზიდენტი დოქტორ კლაუს შორმანი, გენერალური მდივანი შაინი ფანგი, მსოფლიო ოლიმპიელთა ასოციაციის პრეზიდენტი ჟოელ ბუზუ და სხვა მაღალი რანგის სტუმრები.

სტუმრები ვიზიტის ფარგლებში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძესთან და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან, ასევე საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის ფედერაციის პრეზიდენტ ვიაჩესლავ მალიშევთან ერთად, ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე ოლიმპიურ ქალაქს ესტუმრნენ.

მოწვეულმა სტუმრებმა ოლიმპიური ქალაქში მდებარე ტანვარჯის დარბაზში მიმდინარე საწვრთნელი პროცესი დაათვალიერეს და მოფარიკავეებისა და ტყვიის მსროლელთა ვარჯიშებს დაესწრნენ. სტუმრებმა ქართველ კოლეგებთან ერთად, თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის 69-ე კონგრესის სამახსოვროდ, თბილისის ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე მემორიალური დაფის გახსნის და ასევე მუხის ხის დარგვის ტრადიციულ ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. მუხის ხე თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო სიმბოლოდ ითვლება.

Comments
Loading...