- Advertisement -

ტყვიის ზედმეტი შემცველობა ხორცში, რძეში და სასმელ წყალშიც არის აღმოჩენილი

495

ტყვიის ზედმეტი შემცველობა სუნელების გარდა ხორცში, რძეში, სასმელ წყალში, ჭარხალში, ნალექიან ყავაში, თხილში, თევზში, კვერცხსა და მარილშიც დაფიქსირდა. დარღვევები ხშირი იყო ხორცისა და რძის შემთხვევაში. აღნიშნულ ინფორმაციას momxmarebeli.ge აქვეყნებს, რომელმაც ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგები სურსათის ეროვნული სააგენტოსგან გამოითხოვა. 

"აიპრესი" აღნიშნულ საკითხზე სეს-საც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ momxmarebeli.ge -მ ის ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელიც მათგან მიიღეს. 

momxmarebeli.ge მიუთეთებს, რომ პროდუქტებზე, რომელშიც ტყვიის მაღალი შემცველობაა აღმოჩენილი, სეს-მა კვლევა 2012-2017 წლებში ჩაატარა. ამასთან momxmarebeli.ge-ში მიაჩნიათ, რომ სეს-მა სუნელებში და სხვა პროდუქტებში ტყვიის შემცველობაზე კვლევის დეტალური შედეგები საკმარისად არ გამოაქვეყნდა და საჯარო ინფორმაციაც სეს-დან სწორედ ამიტომ გამოითხოვეს. ამ ბრალდებას არ ეთანხმებიან სეს-ში და აცხადებენ, რომ მათ ვებ-გვერდზე მათ მიერ ჩატარებული ყველა კვლევის შედეგები დევს. 

"აიპრესი" დაინტერესდა, რომელ წელს აღმოაჩინა სეს-მა ტყვია ხორცსა და რძეში, თუმცა ამ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო, სეს-ში განმარტეს, რომ კვლევები წინა წლებშია ჩატარებული და ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულიც. უფრო კონკრეტული ინფორმაციის მისაღებად კი წერილობით მიმართვაა საჭირო. 

"ეს გამოქვეყნებულია, წინა წლის ანგარიშებშია ასახული, თუ თქვენ მოგვწერთ ოფიციალურად წერილს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, ასევე უპრობლემოდ, კანონით დადგენილ ვადებში მიიღებთ ინფორმაციას, დეტალურს, ისევე როგორც მიიღო momxmarebeli.ge -მ. საჯაროობის პრინციპი ჩვენ არ დაგვირღვევია. იმავე დღეს გამოვაქვეყნეთ 2017 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებიც. 

ჩვენ როცა გავავრცელეთ ინფორმაცია ტყვიის კვლევასთან დაკავშირებით, იქ საუბარი იყო იმაზეც, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო ტყვიის შემცველობაზე კვლევას ატარებს 2010 წლიდან, 2012-2017 წლებში ჩატარებულია 2 678 კვლევა, თუ არ მეშლება და მათ შორის დარღვევა გამოვლენილია 64 შემთხვევაში. იქ ხაზგასმულია, რომ კვლევა ტარდება როგორც ცხოველურ, ისე არაცხოველურ სურსათში, ჩვენ ეს ინფორმაცია გავასაჯაროვეთ",-განაცხადეს სეს-ში. 

Comments
Loading...