- Advertisement -

უფლებადამცველები ბავშვის პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის პროკურატურას მიმართავენ

572

არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ბავშვის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შემთხვევაზე გადაცემა "ბავშვის დროს" წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავს. ამის შესახებ "აიპრესთან" ორგანზიაციის წარმომადგენელმა ანა არაგანაშვილმა ისაუბრა. 

"დღეს გადის მიმართვა მთავარ პროკურატურაში, მოვითხოვთ რომ დაიწყოს გამოძიება, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს არის ბავშვის პირადი ცხოვრების უკანონო ჩანაწერის განცხადება. დღეს გავრცელდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის შეფასებაც, რომელმაც თქვა რომ ეს არის პირადი ცხოვრების კადრები, შესაბამისად ეს სადაო აღარ არის, რადგან ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ დაადასტურა, მაშინ ეს არის უკვე გავრცელება, რაც აკრძალულია და დასჯად დანაშაულს წარმოადგენს",-აცხადებს ანა არაგანაშვილი.

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც გადაცემაში ბავშვის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გაშვება დაანონსდა, გადაცემის ავტორებთან დაკავშირებაც სცადეს. ანა არგანაშვილი ამბობს, რომ როცა საკითხი პირად ცხოვრებას ეხება საზოგადოების ნაწილში ზრდასრულთან და ბავშვთან მიმართებით ორმაგი სტანდარტები არსებობს. 

"ჩვენ წინა დღეს ვეცადეთ დავკავშირებოდით გადაცემას ფეისბუქის საშალებით, ქარტიასაც მივმართეთ, ვუთხარით რომ რეაგირება აუცილებლად გვექნებოდა, მეორე მხრიდან ვინ მესაუბრებოდა მე არ ვიცი, სოციალურ ქსელში მივმართეთ, ამიტომ ინდენტიფიცირბას ვერ მოვახდენ, ვუხსნიდით რატომ არის დარღვევა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სახეები დაფარული იყოს, სახეების დაფარვას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ჩემი ან თქვენი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდება, იმიტომ რომ მე ვიცი რომ გავრცელდა. ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენს ქვეყანაში ზრდასრულებთან და ბავშვებთან დაკავშირებით სხვადასხვა სტანდარტია, როგორც ვხედავთ, როცა ეს ზრდასრულს ეხება ეს არის პირადი ცხოვრება და როცა ბავშვს ეხება, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ მისი დარწმუნება",-აცხადებს ანა არაგანაშვილი. 

მისივე თქმით, აუცილებელია საკითხთან მიმართებით მშობლის პასუხისმგებლობის საკითხიც დაისვას და გარიკვეს, რამდენად აცნობიერებდა მშობელი, რომ საკუთარი შვილის უფლებებს არღვევდა. 

"ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის პასუხისმგებლობა, მეორე მხრიდან მოდიოდა აპელირება რომ მშობლის ნებართვით მოხდა და მშობლის ჩანაწერია. სამწუხაროდ, როგორც ჩანს საქართველოში კანონმდებლობა ჯერ კიდევ არ არის კარგად ცნობილი ხალხისთვის, შესაძლებელია, მშობელმა არ იცოდეს, რომ არღვევს მისი შვილის უფლებებს, ამიტომ სოციალურ სამსახურს უკვე მივმართეთ და კიდევ ერთხელ მივმართავთ ოფიციალურად, რომ მშობელს დაუკავშრდეს და შესაბამისი რეაგირება გააკეთოს. უნდა შეაფასოს სოციალურმა მუშაკმა მშობელმა  იცოდა თუ არა რას აკეთებდა, ძალიან მნნიშვნელოვანია, რომ ადამიანს ჰქონდეს ინფორმაცია, ჯერ ჩვენ არ ვიცით მშობლის პოზიცია, საერთოდ როგორ მოხვდა ეს ჩანაწერი გადაცემაში, ამიტომ დაველოდოთ ოფიციალური უწყებების მხრიდან რეაგირებას",-განაცხადა ანა არგანაშვილმა. 

"ბავშვების დრომ" ბავშვის პირადი ცხოვრების ამსახველ კადრები გუშინ დაანონსა, ხოლო დღეს ეს კადრები გადაცემაში გავიდა. მოგვიანებით, სოციალური ქსელიდან გადაცემა წაიშალა და გამოქვეყნდა შემდეგი შინაარსის განცხადება: "დედის თხოვნით და ჩვენი გადაცემის ჯგუფის გადაწყვეტილებით, ბავშვის ფოტო,რომელიც გუშინ დაიდო და ვიდეო სადაც ბავშვის კადრები ჩანს(ყოველგვარი ინტიმური სცენების გარეშე) გადაცემიდან ამოიჭრება და გადაცემა ისე გავრცელდება…კიდევ ერთხელ, ძალიან ვწუხვართ მომხდარი გაუგებრობის გამო."

გადაცემის შესახებ განცხადება გაავრცელა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმაც. "როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვანთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას, ნებისმიერი ორგანიზაცია, მათ შორის მედიასაშუალება უნდა მოქმედებდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა მშობლის თანხმობა.

მიუხედავად იმისა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მანდატი არ ვრცელდება მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების ინფორმირების მიზნით საქმიანობის პროცესზე, ინსპექტორი მოუწოდებს გადაცემას – „ბავშვების დრო“ დაიცვას ბავშვის პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობა და უზრუნველყოს მისი ინტერესების სათანადო დაცვა",-აღნიშნულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადებაში. 

Comments
Loading...