- Advertisement -

ფინანსთა მინისტრის მოადგილე: მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის თანამშრომლობა ნაყოფიერია

606

„საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის დღეს არსებული კომუნიკაცია და თანამშრომლობა საკმაოდ ნაყოფიერია. ჩვენ შემოვედით წინადადებით, აღდგეს სტატუს კვო, რომელიც იყო 2015 წლამდე და ზედამხედველობის ფუნქცია უკან, ეროვნულ ბანკში დაბრუნდეს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ პარლამენტში ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის საკანონმდებლო დონეზე განმტკიცებისთვის მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის განხილვისას.

მისი განცხადებით, მსოფლიოში არსებობს ორი მოდელი, რომლის დროსაც საზედამხედველო ფუნქციას ასრულებს ცენტრალურ ბანკი ან დამოუკიდებელ სააგენტო და არსებობს ორივე მოდელის წარმატებული მაგალითები.

„გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო პერიოდში, მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის დაწყებულია მუშაობა მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომელთა შორისაა: ლარიზაციის პროგრამა, კაპიტალის ბაზრისა და საპენსიო რეფორმები, მნიშვნელოვანია, ეროვნულ ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობა იყოს მაქსიმალურად მჭიდრო და ნაყოფიერი. ჩვენ კიდევ ბევრი საკანონმდებლო ინიციატივა გვაქვს, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება წარდგენილი პარლამენტში – ესაა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციები საფინანსო სექტორის ეფექტურობის გაუმჯობესების კუთხით. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, როგორც მონეტარული, ისე საზედამხედველო ფუნქციები მოქცეული იყოს ეროვნულ ბანკში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებაზე.

„ახალი პროგრამა არის არა მხოლოდ სრული ნდობის გამოცხადება მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისადმი, არამედ ის სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას. აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის მიღება საქართველოს საშუალებას მისცემს, სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამა დაიწყოს მიმდინარე წლის აპრილიდან,“ – აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ.

Comments
Loading...