- Advertisement -

ფირალიშვილი: ვინც ვაჭრობის გემო გაიგო, მიწას ყიდის, გუთანს მიდევნებული გლეხი აღარ არსებობს

484

ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, კონსტიტუციურად იქნას გაფორმებული მიწის უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე გაყიდვის აკრძალვა, დუღილი გამოიწვია. მესმის, რომ მიწის უცხოელებზე გაყიდვის მოტივი სრულიად პოპულისტურიც შეიძლება იყოს. მაგრამ, არა მგონია, ხელისუფლება მხოლოდ კარიკატურულად გონებასუსტი ადამიანებისაგან შედგებოდეს",-ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"გიფიქრიათ, რა შედეგებს მივიღებდით მიწის თავისუფალი გაყიდვით განუვითარებელი სოფლის მეურნეობის პირობებში, მითუმეტეს, როდესაც ამ მიწას შესაბამისი ჩვევებისა და ცოდნის უქონელი ადამიანები ფლობენ? 15-20 წელიწადში სრულიად შეიცვლებოდა ქვეყნის დემოგრაფიული სურათი. სხვისი არ ვიცი და მე ამას ვერ მივესალმები. ვინმესთვის, თუნდაც, ლიბერალისათვის ეს მისაღებია? როგორც გავიგე, მიწებს ისრაელში სახელმწიფო ფლობს და ის არეგულირებს მის გაცემას დროებით სარგებლობაში. თავისუფალი გაყიდვით მათაც კი დემოგრაფიული პრობლემები შეიძლება შეექმნათ. რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს? მიწის საკრალიზაცია, ჩვენ გარდა, ბევრი სხვა კულტურისთვისაც არის დამახასიათებელი და ვინც ამას ანგარიშს არ გაუწევს, სულ მცირე, პოლიტიკურად წააგებს.

მაგრამ მხოლოდ აკრძალვა ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ვიღაც მხოლოდ დემოგრაფიულ და კულტურულ პლანში ხედავს პრობლემას. სოფლის მეურნეობის განვითარების პრობლემა ისევ განზე რჩება.

პრობლემა, მე მგონი ისაა, რომ მემამულეთა ფენის ჩამოსაყალიბებლად ბევრი არაფერი გაკეთებულა არც ამ და არც წინა ხელისუფლების დროს. შესაბამისი ცოდნისა და ჩვევების უქონელი ბევრი ადამიანი ამ გრანტებს ვერ ითვისებს. ვინც ვაჭრობის გემო გაიგო, მიწას ყიდის. გუთანს მიდევნებული გლეხი დიდი ხანია, აღარ არსებობს და ვეღარც იარსებებს. ბოლშევიკებმა გაანადგურეს ჩვენებური გლეხის ის ტიპი, რომელიც დაუმუშავებლად ფეხის დასადგმელ ადგილს არ ტოვებდა და, როგორც მიხეილ ჯავახიშვილი ამბობდა, მეექვსე გრძნობად მიწის გრძნობა ჰქონდა.

თანამედროვეობის ადექვატური სტრატეგიაა შესამუშავებელი. მიწის გაყიდვის აკრძალვა და სასოფლო-სამეურნეო გრანტების გაცემა არაფრის მიმტანია, თუ მემამულეთა ახალი კლასის შექმნისათვის პირობებს არ შვექმნით. პრობლემა ამ კლასის გაჩენაა. მიწის მფლობელთა უდიდესმა ნაწილმა არ იცის თანამედროვე სოფლის მეურნეობის მართვის ანბანი და ახალი ტექნოლოგიები. ვინც ამ ანბანს დაეუფლა, წარმატებულიცაა და ამის ბევრი მაგალითიც არსებობს. სწორედ ასეთები უნდა ვამრავლოთ, ხოლო თუ ვინმემ თავისით შეიძინა ცოდნა და გამოცდილება, ხელი უნდა შევუწყოთ. ასეთებს სანთლით უნდა ვეძებდეთ. ამის ნაცვლად კი ნაციონალების ზოგი იდეოლოგი ქვეყნის მოსახლეობის ათ ურბანულ ცენტრში გაერთიანებაზე ოცნებობდა, ხოლო ოცნებისა და მისი სატელიტების ზოგი წარმომადგენელი ვეღარ გამოსულა "ძველი, ტრადიციული ქართული სოფლის" ილუზიიდან.

ამ წლების განმავლობაში ორას-სამას ახალგაზრდას დასავლეთში შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება რომ მიეღო, დღეს სულ სხვა სურათი გვექნებოდა. ჩვენ დღეს ახალ სამყაროში ვართ და სწორედ ამ სამყაროს ადექვატური ფორმები უნდა შევიმუშავოთ ისე, რომ არც გლობალურ სამყაროს გავექცეთ და არც მან მოგსპოს. ჩემი რწმენით, დღეს ესაა ნაციონალიზმი და არა მავანთა კარიკატურული ფანტაზიები",-წერს ზაზა ფირალიშვილი. 

Comments
Loading...