- Advertisement -

ფიქრია ჩიხრაძე: პრეზიდენტი “ფარულ მოსმენებზე” კანონს ხელს მოაწერს

711

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით" კანონპროექტს ხელს მოაწერს, – ამის შესახებ, პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან განაცხადა.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვთვლით, კანონით არ შესრულდა ის მოთხოვნები, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებში იყო, პრეზიდენტი მაინც აპირებს კანონს ხელი მოაწეროს, სწორედ იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს განსაზღვრული ვადებიდან არ ამოვარდეთ.

ამ განწყობით, რომ თურმე ეს სამსახური მხოლოდ აქ უნდა იყოს, სადაც დღეს დაფიქსირდა და არსად სხვაგან, უცნაურ ჩიხურ სიტუაციაში ჩაიყენა პარლამენტმა თავი", – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა "ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით" კანონპროექტზე 2017 წლის 22 მარტს პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონის პროექტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, საქართველოს საკნოსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელსაც ფარული მოსმენა-მიყურადების უფლებამოსილება ექნება.

სააგენტოს ამოცანები იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილი ორგანოს მართვის საფუძველზე, სპეციალური ტექნოლოგიური საშუალებებით, ფარული მეთოდებით საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, თავდაცვისუნარიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, მართლწესრიგისა და სამხედრო პოტენციალის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა შესახებ ინფორმაციის მოპოვება, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეზე ფაქტობრივი მონაცემების მოპოვება და ამ მიზნით კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მიზანშეწონილია, სააგენტო არ იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში, რამდენადაც სამსახური გვევლინება საგამოძიებო უფლებამოსილებებით აღჭურვილ სუბიექტად“, – აღნიშნულია პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების თანახმად, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, ნაცვლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, უნდა განისაზღვროს, როგორც საქართველოს პრემიერმინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება.

პრეზიდენტი პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით სთავაზობდა, რომ სააგენტოს სტატუსი აღარ იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ის განისაზღვროს, როგორც სასქართველოს პრემიერმინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დაწესებულება.

ამასთან, პრეზიდენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, სააგენტოს დებულება მთავრობამ დაამტკიცოს არა სააგენტოს უფროსის, არამედ საქართველოს პრემიერმინისტრის წარდგინების საფუძველზე. საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის დანიშვნა განისაზღვროს საქართველოს პრემიერმინისტრის კომპეტენციად.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონის პორექტის თანახდმად, სააგენტო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე უსასყიდლოდ განათავსოს/დაამონტაჟოს მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემა ან/და მასთან დაკავშირებული/მისი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი აპარატურა ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების თანახმად კი, ეს პროცედურა საჭიროების შემთხვევაში ანაზღაურებით უნდა განხორციელდეს. 

Comments
Loading...