- Advertisement -

ქართველმა მკვლევარმა განათლების სფეროში გეილ კელის საერთაშორისო ჯილდო მიიღო

706

ნუცა კობახიძე პირველი ქართველია, ვინც განათლების სფეროში გეილ კელის (Gail P. Kelly) სახელობის საერთაშორისო პრესტიჟული ჯილდო მიიღო.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი მკვლევარის სადოქტორო დისერტაცია 2016 წლის საუკეთესო დისერტაციად დასახელდა.

Gail P. Kelly-ის ჯილდოს ნუცა კობახიძეს აშშ-ის საერთაშორისო და შედარებითი განათლების საზოგადოების (Comparative and International Education Society (CIES) კომისია გადასცემს, რომელიც ხუთი ქვეყნის წარმომადგენელი ცნობილი მეცნიერებისაგან შედგება. 1994 წლიდან ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემა ინგლისურ ენაზე შესრულებულ სადოქტორო დისერტაციას, რომელიც სოციალური სამართლიანობაისა და თანასწორობის თემებს ეხება.

შერჩევის კრიტერიუმებს შორის არის აკადემიური წარჩინება, ორიგინალურობა, მეცნიერული სიახლე, კვლევის მეთოდოლოგიის სიზუსტე და დარგის განვითარებაში შეტანილი თეორიული წვლილი.

ნუცა კობახიძემ სადოქტორო დისერტაცია 2016 წელს ჰონგ კონგის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტზე დაიცვა, სადაც შემდგომში განაგრძო მუშაობა.

ნუცა კობახიძეს გეილ კელის სახელობის ჯილდო ოფიციალურად 2017 წლის 7 მარტს გადაეცემა, საერთაშორისო და შედარებითი განათლების საზოგადოების ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც აშშ-ში, ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში გაიმართება.

Comments
Loading...